კიევში რადასთან მომხდარ ინციდენტში ერთი გვარდიელი დაიღუპა და 90 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ადასტურებს. მომხდარში ის ბრალს მთავარ ნაციონალისტურ პარტიას დებს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სპიკერის განცხადებით, ქვეყნის ლიდერი დემონსტრანტებს და ეროვნულ გვარდიას შორის მომხდარი შეტაკების შესახებ მოსახლეობას მოგვიანებით მიმართავს.
პარლამენტარებმა დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ვეტო დაადეს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც სეპარატისტულად განწყობილი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. კენჭისყრის დროს რადასთან ნაციონალისტურად განწყობილი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მისი მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი ე.წ. დეცენტრალიზაციის გეგმის პუნქტებს აპროტესტებდნენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.
პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მინსკში თებერვლის თვეში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად მიღებული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. დასავლეთის ქვეყნები შეთანხმებას ამ ეტაპზე უკრაინაში მშვიდობის დამყარების და მისი შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.