უკრაინის სამხედრო უწყების პრეს მდივანმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა თქვა, რომ სამი დღის განმავლობაში პირველად, მათ პოზიციებზე მეამბოხეების თავდასხმის რიცხვი 100-ზე ნაკლები იყო.მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ თავდასხმები ფრონტის ხაზის უმეტეს ნაწილში შემცირდა, მაგრამ მეამბოხეების გამაგრებულ ქალაქ დონეცკთან ნაკლები სიმძაფრის შეტაკებები ხდებოდა. მან თქვა, რომ ბოლო 2 საათის განმავლობაში ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეამბოხე პრეს მდივანმა, ედუარდ ბასურინმა ბრძოლების შემცირება ეუთოს ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდერ ჰაგის ვიზიტს დაუკავშირა. ის დონეცკში იმყოფება, სადაც ამ თვის დასაწყისში, ეუთოს ოთხი ჯავშანმანქანა დაიწვა. თებერვალში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, უკრაინაში, ამ თვეში, ყველაზე ცხარე ბრძოლები გაიმართა. ბასურინმა თქვა, რომ გასულ კვირაში, უკრაინელების მიერ მეამბოხეების ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, 17 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 45 დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მეამბოხეების მიერ დასახელებული ციფრების დამოუკიდებელი წყაროებიდან დადასტურება ვერ მოხერხდა, ღამის განმავლობაში მომხდარი საარტილერიო შეტაკების შედეგად, სულ ცოტა 9 ადამიანი დაიღუპა. ბასურინმა მარიუპოლზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, უკრაინის სამხედრო ძალებს დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მთავრობის კონტროლის ქვეშაა. მან თქვა, რომ ამ საკითხს ეუთოს წარმომადგენელ ჰაგის წინაშე წამოწევს.
ეუთო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევით, მძიმე შეიარაღება ორივე მხარემ განალაგა.
კიევი და დასავლეთის მთავრობები, მათ შორის შეერთებული შტატები, ამბობენ, რომ თავდასხმებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები აწყობენ და შიშობენ, რომ შესაძლოა ზამთრის დადგომამდე, მეამბოხეებმა დიდი შეტევა განახორციელონ. უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ათასობით ჯარისკაცი მეამბოხეებს, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე უჭერს მხარს. ამავე დროს, ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვრის გასწვრივაც ხდება.
პაველ ფელგენგაუერი, თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსი და მოსკოვის „ნოვაია გაზეტა“-ს მიმომხილველი ამბობს, რომ ყინვების დადგომამდე და ჯარების დაგეგმილ როტაციამდე ეფექტური სამხედრო კამპანიისთვის დრო იწურება. მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ომის განახლებამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს, თუმცა, მისივე თქმით, ასე თუ მოხდება, სავარაუდოდ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება, სულ რამდენიმე კვირა.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ვიზიტისას, პრეზიდენტმა პუტინმა შეტაკებებში კიევს დასდო ბრალი და განაცხადა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში უკრაინული ჯარების და აღჭურვილობის დაჯგუფება ხდება. რუსულ მედიაში პუტინის ციტირება მოახდინეს, რომელმაც თქვა, რომ იმედოვნებს, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ისე არ გაუარესდება, რომ ფართომასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდოს. ფელგენჰაუერი ამბობს, რომ რუსეთი და მეამბოხეები გადაბრალებას ცდილობენ, რათა დამატებითი სანქციების მოწოდებები შეამცირონ. მოსკოვში კი, სხვადასხვა დაჯგუფებები შემდგომ გადაწყვეტილებებზე ფიქრობენ.
ფელგენგაუერი მიანიშნებს, რომ ორივე შემთხვევაში რუსეთის მიზანი უკრაინის დაშლაა, სულ მცირე, ახლანდელი რეჟიმის რღვევა და უკრაინის ორიენტაციის სრული ცვლილებაა.
განახლებული დაპირისპირება და ერთმანეთზე გადაბრალება, უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე ერთი კვირით ადრე დაიწყო. ფელგენგაუერი ამბობს, რომ არა არის დარწმუნებული იმაში, რომ დაძაბულობა სიმბოლურ თარიღს უკავშირდება, მაგრამ დასძენს, რომ „რუსეთს, ძირითადად, დამოუკიდებელი უკრაინის არსებობა არ სურს.“
გაეროს შეფასებით, 2014 წლის აპრილის შემდეგ, როცა მეამბოხეებმა აღმოსავლეთში სამთავრობო შენობების დაკავება დაიწყეს, 6400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.