რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალურ მოსკოვში, უკრაინული დრონი შენობას შეეჯახა მას შემდეგ, რაც ის რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ამავე განცხადებებით ირკვევა, რომ შემთხვევის გამო, მოსკოვის ყველა სამოქალაქო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული იყო.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“, მომხდარის თვითმხილველმა უთხრა, რომ „ძლიერი აფეთქების“ ხმა გაიგონა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ სურათებში ჩანს, როგორ ამოწმებენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები შენობის სახურავს, რომელსაც დრონი დაეჯახა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დრონი პარასკევს გამთენიისას, მოსკოვის „ექსპო ცენტრს“ შეეჯახა, რომელის არასაცხოვრებელი კომლექსია.
ასევე ნახეთ: გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე - რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?„ექსპო ცენტრი“ კრემლიდან 5 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს და საგამოფენო პავილიონებს, ასევე მრავალფუნქციურ დარბაზებს აერთიანებს.
„მოსკოვის დროით დილის 4 საათზე კიევის რეჟიმმა, მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში მდებარე ობიექტებზე, დრონის გამოყენებით მორიგი ტერორისტული თავდასხმა განახორციელა“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
მომხდართან და გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოფიციალურ კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.
საჰაერო მიმოსვლა დროებით შეჩერდა დედაქალაქში მდებარე ოთხ მთავარ აეროპორტში - ვნუკოვო, დომოდედოვო, შერემეტევო და ჟუკოვსკი - თუმცა, მოგვიანებით ისინი კვლავ გაიხსნა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ შვიდი რეისი ალტერნატიულ აეროპორტებში გადამისამართდა.
ასევე ნახეთ: რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვის დასავლეთით უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ორმა აეროპორტმა მუშაობა განაახლადრონებით თავდასხმები რუსეთის სიღრმეში გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაისის დასაწყისში, დრონი კრემლის კომპლექსის ერთ-ერთი შენობის სახურავს შეეჯახა. მაისშივე, დრონით დარტყმები განხორციელდა მოსკოვის სხვადასხვა ტერიტორიაზე. მიმდინარე თვის დასაწყისში კი, მოსკოვის საქმიანი ნაწილი, სამი დღის განმავლობაში, დრონების სამიზნედ ორჯერ იქცა.
კიევი, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს იმის შესახებ, თუ ვინ დგას რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმების უკან. თუმცა, დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო, უკრაინელი ოფიციალური პირები კმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამენ.