უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის ათენში მოლაპარაკებები გაიმართა, მოგვიანებით კი ორივე ლიდერმა გამართული შეხვედრა ერთმანეთის მსგავსად შეაფასა , როგორც „კარგი“ და „ღია“.
„[ეს იყო] ღია, პატიოსანი და ნაყოფიერი შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტთან“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ „ტელეგრამში“ და გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ზელენსკი და ვუჩიჩი ერთმანეთს ხელს ართმევენ.
უკრაინის მხარის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეს იყო: „კარგი საუბარი გაეროს ქარტიის პატივისცემისა და საზღვრების ხელშეუხებლობის თაობაზე. ჩვენი [უკრაინისა და სერბეთის] ერების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ სახლში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია“.
ასევე ნახეთ: პოლონეთი: რუსეთიდან ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა რეგიონულ უსაფრთხოებას ცვლისშეხვედრის შემდეგ განცხადება "ინსტაგრამზე" გაავრცელა სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. პრეზიდენტ ალექსანდ ვუჩიჩის სახელით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენთან შედგა „კარგი და ღია" საუბარი მათ შორის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის შესახებაც.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური კიევი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც სერბეთს 2008 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი კი არ ცნობს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას.
„ჩვენ შევეხეთ უკრაინასა და კოსოვოში განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სერბეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია ვუჩიჩის განცხადებაში.
სერბეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გაეროს პლატფორმიდანაც და სხვა საერთაშორისო ფორუმებზეც გამუდმებით გმობს, თუმცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია.
შეხვედრას უკრაინისა და სერბეთის პრეზიდენტებს შორის წინ უძღოდა გასულ თვეებში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტიდან უკანონოდ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. ეს დოკუმენტები ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავდა, ერთ-ერთი კი სერბეთს შეეხებოდა. დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ სერბეთი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიდა. თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა ბელგრადმა თქვა, რომ სერბეთს არასდროს მიუწოდებია იარაღი უკრაინისთვის, თუმცა არ გამორიცხა, რომ მესამე ქვეყნის გავლით სერბეთიდან იარაღი უკრაინას შეიძლებოდა მიეღო.