უკრაინამ ვილნიუსში 1.5 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პირობა მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ ამ კვირაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინამ 1.5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პირობა მიიღო.

"ვილნიუსში გამართული შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო", - დაწერა რეზნიკოვმა "ტვიტერზე" მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დელეგაციამ და ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ვილნიუსში არაერთ მაღალი რანგის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

ასევე ნახეთ: ნატოს დეკლარაციის მიმართ „შერეული“ გრძნობების მიუხედავად, კულება ამბობს, რომ უკრაინის გზა ნატოსთან დაახლოვდა

"უკრაინა მიიღებს 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან. ყურადღებით იყავით", - დასძინა თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის განცხადებაში მითითებული იყო 7 ქვეყანა, რომელმაც ვილნიუსში კიევს სამხედრო დახმარების პაკეტები შესთავაზა. იქ პრეზიდენტი ზელენსკი არაერთ მსოფლიო ლიდერს შეხვდა. ამ დაპირებულ დახმარებას შორისაა გერმანიის პაკეტი, რომელიც "ლეოპარდის" ტიპის 25 1A5 ტანკსაც მოიცავს. თავდაცვის მინისტრმა ასევე გაუსვა ხაზი დახმარებას საფრანგეთის, ბრიტანეთის, ნიდერლანდების, კანადისა და ნორვეგიისგან, ისევე როგორც ნატოს არაწევრი საახელმწიფოებისგან, მათ შორის ავსტრალიისგან. ზელენსკი ვილნიუსში ავსტრალიის პრემიერსაც შეხვდა.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვეს სამხედრო მხარდაჭერა. მათ განაცხადეს, რომ კიევი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება, თუმცა კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი შეიკავეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდაპირველად უკმაყოფილება და იმედგაცრუება არ დამალა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი საფუძველი უკრაინის უსაფრთხოებისა და ნატოსთან დაახლოებისთვის.