უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტ იანუკოვიჩის დათხოვას და ადრეული საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო 25 მაისს.
პრეზიდენტი იანუკოვიჩი აცხადებს, რომ არ გადადგება და არც უკრაინას დატოვებს.
შაბათს, პარლამენტმა ასევე მხარი დაუჭირა დატყვევებული პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას. ტიმოშენკო უკვე გაწერეს ქალაქ ხარკოვის ციხის საავადმყოფოდან.
პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩენას აპირებს. ეს განცხადებები მან უკრაინის ტელევიზიასთან, შაბათს ტრანსლირებულ ინტერვიუში გააჟღერა. მან ძალისმიერ ამბოხს “გადატრიალება” უწოდა და მდგომარეობა გერმანიაში, 1930-იან წლებში ნაცისტების ძალაუფლებაში აღმასვლას შეადარა.
იანუკოვიჩი ამჟამად ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხარკოვშია, რუსეთს საზღვრის შორიახლოს. მან თქვა, რომ უკრაინის პარლამენტის მიერ შაბათს მიღებული ყველა გადაწყვეტილება უკანონოა.
ასევე დღეს, უკრაინის ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა, რათა ქვეყანაში, არა უგვიანეს მაისისა, არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი.
უკრაინის დედაქალაქში დრამატული მოვლენები მას შემდეგ განვითარდა რაც ხალხი, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უკრაინის პარლამენტში შეიჭრა. ამ დროს ათასობით დემონსტრანტი დამოუკიდებლობის მოედანზე იმყოფებოდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პარასკევს პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმების გამო.
პარასკევის შეთანხმებით, უკრაინა დაუბრუნდება 2004 წლის კონსტიტუციას, რომელიც საპრეზიდენტო ძალაუფლებებს ზუდავს. შეთანხმება ასევე მოიცავს კოალიციური მთავრობის ფორმირებას და ადრეულ არჩევნებს.
პარასკევს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა რუს კოლეგას-ვლადიმირ პუტინს დაურეკა და მასთან უკრაინის სიტუაცია განიხილა. თეთრი სახლის განცხადებით, ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ უსწრაფეს ვადაში უნდა მოხდეს შეთანხმების მიღწევა და ყველა მხარეს მოუწოდონ ძალადობისგან თავშეკავება.