ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად ეფექტური იქნება უკრაინის სანქციები?


ზოგიერთი ანალიტიკოსი სანქციებს სკეპტიკურად უყურებს და მათ გავლენას, მოსკოვის მიერ გამოკვეთილად მხარდაჭერილ მთავრობის წევრებზე, საეჭვოდ მიიჩნევს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00
ბმული

შეერთებული შტატების და ევროკავშირის შეთანხმებით, უკრაინის მთავრობის ოფიციალურ პირებს საერთაშორისო სანქციები დაეკისრებათ. საუბარია ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებსაც პასუხისმგებლობა ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე ძალადობის განხორციელებაში ეკისრებათ.

ზავის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კიევის ქუჩებში დაპირისპირება გრძელდება. ინტერნეტში ახალ-ახალი დოკუმენტური ვიდეოფირები თავსდება იმის შესახებ, თუ როგორ დამიზნებით ესვრიან მომიტინგეებს სნაიპერები, თუ ავტომატური იარაღით მისული სამართალდამცავები. ვაშინგტონმა კიევში განახლებულ შეტაკებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა. თეთრი სახლის პრეს-მდივნის თანაშემწე, ჯოშ ერნესტი ამბობს, რომ შეერთებული შტატები რამდენიმე ნაბიჯს განიხილავს, რათა უკრაინის ხელისუფლება აიძულოს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა.

(Earnest ACT)
„ამერიკელი ხალხი სამართლიანად შეშფოთებულია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც, როცა ვხედავთ, რომ დედამიწაზე ადამიანის ელემენტარული უფლებები შემზარავად ფეხქვეშ ითელება. ეს დანამდვილებით არის უკრაინაში მიმდინარე პროცესების ნაწილი და შესაბამისად - თეთრი სახლის შეშფოთების წყაროც“ - აცხადებს ჯოშ ერნესტი.

ევროკავშირმა უკრაინის ოფიციალურ პირებზე ეკონომიკური და მიმოსვლის შემძღუდავი სანქციები დააწესა. თუმცა, ანალიტიკოსი სტივენ პაიფერი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ სანქციები არამარტო ოფიციალურ პირებს, არამედ იანუკოვიჩთან დაახლოებულ საქმიან წრეებსაც უნდა ეხებოდეს. ის 1998-2000 წლებში უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩად მსახურობდა.

„იანუკოვიჩს ირგვლივ ყავს ადამიანები, რომელთაც ბინები და სახლები ისეთ ადგილებში აქვთ, როგორიცაა მაგალითად ვენა და ლონდონი. მათი საბანკო ანგარიშები დასავლეთშია გახსნილი და შვილებიც უცხოეთში სწავლობენ. მათაც რომ შეეზღუდოთ მიმოსვლა და ფინანსური ოპერაციები ევროპაში და შეერთებულ შტატებში, მაშინ ეს უფრო მოახდენდა გავლენას და შესაძლოა იანუკოვიჩის ირგვლივ ძალთა განლაგება შეეცვალა. რაც საბოლოო ჯამში აიძულებდა მას აღებული კურსი შეეცვალა“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ლორენს კორბი ამერიკული პროგრესის ცენტრიდან ამბობს, რომ თავის დროზე, როცა უკრაინა ევროპულ და რუსულ ორიენტაციას შორის არჩევანის გადაწყვეტილებას იღებდა, პრეზიდენტმა პუტინმა მას ბევრად უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა.

„რუსეთი უკრაინასთან ერთად უკვე იმპერიაა, უკრაინის გარეშე კი იმპერია ვერ გახდება. ფსიქოლოგიურად ეს პუტინისთის აუცილებელია, რომ უკრაინა ევროკავშირისკენ არ წავიდეს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

კორბის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში პროგრესს რუსეთის გარეშე ვერ მიაღწევენ. მით უფრო, რომ უკრაინის პრეზიდენტიც პრო-რუსული პოლიტიკოსია. მას ანდერს ასლუნდიც ეთანხმება, შვედი ეკონომისტი ვაშინგტონის პეტერსონის ინსტიტუტში. ასლუნდის თქმით, დასავლეთ ევროპას და უკრაინას შორის დადებული ნებისმიერი პაქტი რუსეთისთვის მისაღები უნდა იყოს.

„დასავლეთს რუსეთთან მოლაპარაკება სჭირდება, იმისათვის, რომ რუსეთმა, დღევანდელ მოვლენებთან შედარებით, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული როლი ითამაშოს“- ამბობს შვედი ეკონომისტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს ოპოზიციას კიდევ ერთხელ დასდო ბრალი იმაში, რომ ის სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს. მან კომენტარი ბაღდადში ვიზიტის დროს გააკეთა, იმ მოვლენების პარალელურად, როცა კიევში ჯერ კიდევ ხალხი იხოცებოდა.

„ჩვენ მხარს უკრაინის ოპოზიციას იმ საკითხებში ვუჭერთ, რომელიც ლეგალურ, კონსტიტუციურ გზებს ითვალისწინებს, იმისათვის რომ კრიზისის დაძლევა შევძლოთ და ერთად დავამარცხოთ „ექსტრემისტები“, რომელთაც სამოქალაქო ომის პროვოცირება სურთ“ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ უკრაინა დეზინტეგრაციის გზაზეა. ისინი ერთადერთ გამოსავლად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ქვეყნის მომავლის გადაწყვეტის მიზნით, დიალოგის დაწყებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG