მარიუპოლში ხალხი იტანჯება, აცხადებს "წითელი ჯვარი"

კადრი ქ. მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ, დრონით გადაღებული ვიდეოდან. 14 მარტი, 2022.

უკრაინა შეეცადა ალყაში მყოფ მარიუპოლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთი შეეტანა, თუმცა წარუმატებლად. რუსეთმა ბლოკირებული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი კოლონა გაატარა, რომელთაც უსაფრთხო ადგილზე ჩააღწიეს. ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" აცხადებს, რომ აზოვის ზღვისპირა საპორტო ქალაქში ურთულესი ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი.

მარიუპოლი რუსეთის მიერ უკვე ორი კვირაა ალყაში იმყოფება. ქალაქში არ აქვთ ელექტროენერგია, გაზი, გათბობა. მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, საკვები, პირველადი საჭიროების საგნები და ხელი არ მიუწვდება სამედიცინო მომსახურებაზე. ხალხი "დახმარების გარეშე გამომხრჩვალია ამ ქალაქში" თქვა ჟენევაში გამართულ გაეროს ბრიფინგზე ევონ უოტსონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესსკპიკერმა.

ასევე ნახეთ: უკრაინიდან ევაკუაცია მინიმალური პროგრესით მიმდინარეობს

რუსეთის ძალები ორშაბათს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას დათანხმდნენ და ერთკვირიანი მცდელობის შემდეგ, პირველმა კოლონამ მარიუპოლი დატოვა. ამ დილით უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დაახლოებით 300-მა მოქალაქემ მიაღწია ქ. ზაპოროჟიეს, რომელიც მარიუპოლიდან 225 კილომეტრში მდებარეობს.

თუმცა, კიევი იმასაც ამბობს, რომ მანქანების კოლონის გაშვების შემდეგ, რუსეთმა ისევ დაბლოკა ქალაქი და იქ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა აღარ შეუშვა. მარიუპოლში დაახლოებით 200 000-მდე ადამიანს ევაკუაცია დაუყოვნებლივ ესაჭიროება.

რუსეთის უკრაინაში განმეორებით შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 2 500 -ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - თქვა ორშაბათს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

შექმნილ ვითარებას და ბოლო კვირის მანძილზე სამშვიდობო შეთანხმების პირობების მრავალჯერად დარღვევას, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს. მოსკოვი დღემდე უარყოფს, რომ უკრაინას თავს დაესხა და ქვეყანაზე მიტანილ სრულმასშტაბიან იერიშს ახლაც "სპეცოპერაციას" უწოდებს.