უკრაინა ამერიკასთან უსაფრთხოების გარანტიებზე კონსულტაციას იწყებს

ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია. ვაშინგტონი, აშშ. 21 დეკემბერი, 2022 წ.

ნატოში გაწევრიანების პროცესის ფონზე, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით, შეერთებულ შტატებთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ავრცელებს.

კვირას, 30 ივლისს ერმაკმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე" თქვა, რომ "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იქნება კონკრეტული, გრძელვადიანი ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სამომავლო აგრესიის დამარცხების და შეკავების შესაძლებლობას". მისი განმარტებით, ეს იქნება მხარდაჭერის მკაფიოდ შემუშავებული ფორმატი და მექანიზმი და "ძალაში დარჩება მანამ, სანამ უკრაინის ნატოში გაწევრიანების უზრუნველყოფა მოხდება".

ანდრი ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან გამკლავების საქმეში. მოსკოვი უკვე 17 თვეა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს და მას კვლავ "ნაცისტების" წინააღმდეგ დაწყებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ვილნიუსში ცალკეული ქვეყნები უკრაინას ახალ შეიარაღებას დაჰპირდნენ, მაგრამ კიევმა უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების უფრო კონკრეტული გეგმა და ვადები არ გამოცხადდა.

პარალელურად, დიდი შვიდეულის წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანას სამხედრო გაძლიერებაში დაეხმარებიან. ერმაკი წერს, რომ მას შემდეგ, შვიდეულის დეკლარაციას 10-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა და კიევი ახლა თითოეულ მათგანთან მოლაპარაკებას აწარმოებს, აღნიშნული სამომავლო გარანტიების პირობებზე.

ასევე ნახეთ: უკრაინამ ვილნიუსში 1.5 მლრდ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პირობა მიიღო

ერმაკმა "ტელეგრამზე" ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყნის ოფიციალური პირი ემზადება საუდის არაბეთში შესახვედრად, სადაც რეგიონში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. მისი თქმით, გეგმა უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ეფუძნება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, სამშვიდობო გეგმაზე საერთაშორისო დონეზე საუბარი თავდაპირველად ივნისში, კოპენჰაგენში დაიწყო. რუსეთის ჯარების სრულად გაყვანის მოთხოვნის გარდა, ზელენსკის სამშვიდობო გეგმა ასევე ითვალისწინებს უკრაინის ომამდელი საზღვრების აღდგენას და ყველა პატიმრის, თუ დეპორტირებული ბავშვის შინ დაბრუნებას.