ტიმოშენკოს პატიმრობა და ქვეყნის დემოკრატიის ტესტი

იულია ტიმოშენკო სასამართლოს წინაშე წარსდგა

ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იულია ტიმოშენკო, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ იღებს.
ტიმოშენკო, რომელიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი პროცენტით დამარცხდა, გასული წლიდან მოყოლებული ციხეში იმყოფება.

„ამერიკის ხმა” ტიმოშენკოს პარტიის ციხესიმაგრის მსგავს შტაბბინას სტუმრობდა კიევში, სადაც მისი 32 წლის ქალიშვილი, ევგენია, სწორედ იმ სკამზე მჯდომი, იმავე ოფისში მოინახულა, სადაც მისმა დედამ 18 თვით ადრე მოგვცა ინტერვიუ.

„რაც დღეს ხდება არის დიქტატურის აღდგენა უკრაინაში,” - ამბობს ევგენია. „ყველა გრძნობს ამას, ყველა გრძნობს ამ საფრთხეს, ამ მანქანის წნეხს, რისი გაჩერებაც შიგნიდან, უკრაინული ძალებით შეუძლებელია.”

სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, იულია ტიმოშენკო შვიდწლიან სასჯელს იხდის ციხეში. 14 აგვისტოს მისი სასამართლო პროცესი შედგება, სადაც 15 წლის წინანდელი, [თანხების] მითვისებასთან დაკავშირებული ბრალის განხილვა მოხდება. ამის შემდეგ კი, პროკურორები მკვლელობის ბრალის წაყენების პირობას დებენ.

სტრესის გამო უკრაინის ოპოზიციის ოქროსფერთმიანი ლიდერი ზურგის ტკივილებითა და კანზე გამონაყარით საავადმყოფოში მოხვდა. მისმა ქალიშვილმა ევგენიამ ლონდონში საკუთარი ცხოვრება და ქმარი მიატოვა და კიევში დაბრუნდა დედის თავისუფლების მოსაპოვებლად.

„დედაჩემი ამ რეჟიმის კონტროლირებად საავადმყოფოშია,” - ამბობს ის. „ექიმები ზეწოლის ქვეშ არიან, ისევე როგორც პროკურორები და მოსამართლეები. ყოველ დღე ვშიშობთ მისი სიცოცხლის გამო, რადგან ის იქ მათი კონტროლის ქვეშ არის და ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ მისთვის. სწორედ ამიტომ არ უნდათ მისი გაშვება. მათ სურთ, ის კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ, რომ ვერ შეძლოს ხმის ამოღება.”

იულია ტიმოშენკოს უბედურების უკან უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დგას. როდესაც, [იანუკოვუიჩმა], 2004 წელს, პირველად გაილაშქრა არჩევნებში ოპოზიციის წინააღმდეგ, იგი ძალიან პატარა პროცენტით დამარცხდა. ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტი გახდა, ხოლო იულია ტიმოშენკო - პრემიერ მინისტრი.

ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს არ განმეორდება.

ოლექსეი ჰარანი პოლიტიკური მეცნიერია კიევის მოჰილას უნივერსიტეტში. მისი თქმით, „მას [იანუკოვიჩს] სჯერა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს 2004 წელს, ასე რომ ერთგვარი შურისძიება და პოლიტიკური ოპონენტების განადგურება სჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, მას ტიმოშენკოსი ეშინია.”

ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, იულია ტიმოშენკო საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ჩნდება. ის ახლა პრეზიდენტ იანუკოვიჩს მეტოქეობას უწევს პოპულარობაში. ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი სამთვიანი კამპანიის დაწყების ფონზე, ტიმოშენკოს მომხრეები მობილიზებულნი არიან.

კიევის მთავარ გამზირზე, კრეშჩატიკზე, ალა ნედელკა ტიმოშენკოს სოლიდარობის ბანაკს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, იულია ტიმოშენკო პრეზიდენტ იანუკოვიჩის ერთადერთი საშიში მეტოქეა და ციხეში გატარებულმა ერთმა წელმა მის სასარგებლოდ ითამაშა და პოპულარობა მოუტანა.

პოლიტიკურ მეცნიერს, სერგეი კუდელიას სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის იმიტაციას ახდენს. რუსეთის პრეზიდენტმა თავის მთავარ მოწინააღმდეგეს, ნავთობის ყოფილ მაგნატს მიხაილ ხადარკოვსკის ციხეში თითქმის რვა წელი გაატარებინა.

„ის იმედოვნებს, რომ ტიმოშენკო კიდევ ერთი ხადარკოვსკი გახდება,” - ამბობს კუდელია, რომელიც უკრაინის პოლიტიკას ასწავლის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამის შესახებ უკმაყოფილებას გამოთქვამს, გააკრიტიკებს მას და ბოლოს, დაეთანხმება იმ ფაქტს, რომ [ტიმოშენკო] დიდი ხნით იჯდება ციხეში.

ევგენია ტიმოშენკოს მამა პრაღაშია გადასახლებული, დედას ხარკოვში სასამართლო პროცესები ემუქრება, თუმცა ევგენია ბრძოლას აგრძელებს.

„ჩვენ ვთხოვთ დემოკრატიულ სამყაროს, არ მიგვატოვოს და განაგრძოს ზეწოლა, და ყველა საშუალება გამოიყენოს, რაც გააჩნია დიქტატურის აღორძინების შესაჩერებლად,” - ამბობს ევგენია. „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: არ მოვუძებნოთ არანაირი გამართლება ამ რეჟიმს ან არ წავიდეთ რაიმე სახის კომპრომისზე. ეს არ ივარგებს.”

ევროპის რიგით მეექვსე ყველაზე დასახლებულ სახელმწიფოში, უკრაინაში, დემოკრატიის მომავალი, შესაძლოა, იულია ტიმოშენკოს მომავალთან გახდეს გადაჯაჭვული.