უკრაინის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის რამდენიმე რეგიონის წინააღმდეგ გამოყენებული რუსეთის 25 დრონიდან 20 ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის დრონები მოიგერიეს ჩერკასის, დნიპროპეტროვსკის, ხერსონის, კიევის, პოლტავისა და სუმის რეგიონებში. მსხვერპლისა და მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის დრონი ჩამოაგდო. ამასთან, რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, „არაავტორიზებული ადამიანების ჩარევის შედეგად“, სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. რუსეთის ეროვნული სარკინიგზო ოპერატორის ადგილობრივმა ოფისმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს რელსებიდან 11 ცარიელი ვაგონი და ლოკომოტივი გადავიდა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ამბობს, რომ მუშაობს კიევისთვის შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლების მიცემაზეოთხშაბათსვე უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი.
„ვფიქრობ, უკრაინისთვის ინტენსიური საშემოდგომო საბრძოლო სეზონის შუაგულში, ეს უკრაინისთვის კრიტიკული მომენტი მომენტია, რადგან რუსეთი აგრძელებს აგრესიის ესკალაციას“, - თქვა ბლინკენმა სამშაბათს.
სამშაბათსვე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა გააუქმოს შეზღუდვები, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ შორი დისტანციის შეიარაღების გამოყენების შესახებ.
შეერთებულ შტატებს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის მიზნით, არ სურდა, უკრაინისთვის მიეწოდებინა ან შემდგომ ნება მიეცა, რომ კიევს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში გარტყმებისთვის გამოეყენებინა.
ზოგიერთმა მოკავშირემ, უკრაინას ამგვარი, შორ მანძილზე მოქმედების იარაღი მიაწოდა, მაგრამ ამასთან მათი გამოყენების მიზნებსა და გარემოებებზე შეზღუდვები მათაც დააწესეს.
სამშაბათს დასმულ კითხვაზე, გააუქმებს თუ არა ამერიკა შეზღუდვებს რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის იარაღის გამოყენების შესახებ, ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „ამ [საკითხს] ახლა ამუშავებს“.
სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა Sky News-თან ინტერვიუში ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა ამ საკითხის მიმართ პოზიცია შეცვალოს.
„ჩვენ არასდროს გამოვრიცხავთ. მაგრამ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ეს ისე გაკეთდეს, რომ იყოს წინსვლა იმაში, რის მიღწევასაც უკრაინა ცდილობს“, - თქვა ბლინკენმა.
უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამშაბათს, ყოველდღიურ მიმართვაში თქვა, რომ „უკრაინის აბსოლუტური პრიორიტეტი სამართლიანი მშვიდობაა“. მისი თქმით, უკრაინა „უზრუნველყოფს მსოფლიოს აუცილებელ ერთიანობას - რაც არ უნდა რთული იყოს ეს“.