რუსეთის მიერ კონტროლირებულ, უკრაინულ ქალაქ დონეცკზე მიტანილი იერიშების შედეგად, სულ ცოტა, 27 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის პრორუსი წარმომადგენელი დენის პუშილინი ამბობს, რომ იერიშები დონეცკზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს. მისი თქმით, უკრაინელებმა დაბომბეს ბაზრის ტერიტორია, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.
პუშილინის გადაწყვეტილებით, დონეცკის რეგიონში 22 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაციით, 25 დაშავებულიდან 18 საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული.
კიევი ამ დრომდე არც უარყოფს და არც ადასტურებს პუშილინის განცხადებას. "როიტერის" თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ზოგადად ისაუბრა რუსეთის ქმედებებზე და აღნიშნა, რომ მოსკოვმა 100-ზე მეტი უკრაინული სოფელი, ქალაქი და დაბა დაბომბა ქვეყნის ცხრა რეგიონში. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთი დონეცკის რეგიონსაც აქტიურად ბომბავს.
მოგვიანებით სამხრეთ ზონაში უკრაინის ძალებმა "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დონეცკში მომხდარზე პასუხისმგებლები ისინი არ არიან. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დონეცკი უკრაინაა!" და "რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს".
მომხდარს მალევე გამოეხმაურა კრემლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“ უწოდა. კრემლი ამბობს, რომ ეს „ტერორისტული“ თავდასხმა „დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებით მოხდა“.