კიევმა მოსკოვთან ტყვეები გაცვალა

უკრაინამ რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად, 106 უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის გათავისუფლება უზრუნველყო. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის შტაბის უფროსი ავრცელებს.

უკრაინელი ჯარისკაცები, მათ შორის რვა ოფიცერი, ტყვედ ქალაქ ბახმუტში ჩავარდა. რუსეთი ირწმუნება, რომ ბახმუტი დაიპყრო, თუმცა კიევის მტკიცებით, მათ ჯერ კიდევ აქვთ მცირე დასაყრდენი.

ასევე ნახეთ: "აბრამსის" ტანკებზე უკრაინელების წვრთნა რამდენიმე დღეში დაიწყება - "ამერიკის ხმის" ექსკლუზივი

„თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია. ბევრი მათგანი, ვინც ტყვეობიდან დავაბრუნეთ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ამ ადამიანების ნათესავებმა მძიმე პერიოდი გამოიარეს“ - განაცხადა ანდრი ერმაკმა.

უცნობია ინფორმაცია იმ რუსი ტყვეების შესახებ, რომლებიც მოსკოვმა კიევისგან უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ მიიღო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ომის განმავლობაში, პატიმრების გაცვლის გზით 2430 უკრაინელი გათავისუფლდა, მათ შორის 139 სამოქალაქო პირი.