კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთს გეგმაში უკრაინის ორად გაყოფა აქვს

რუსეთს უკრაინის ორად გაყოფა სურს, დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შემთხვევაში მოხდა. აღნიშნული განცხადება დღეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა გაავრცელა.

ასევე ნახეთ: ზელენსკი - „უკრაინის დახმარებაში დასავლეთს მეტი გამბედაობა სჭირდება“

ბუდანოვის თქმით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მთელი ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლო, ის ახლა რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეგიონის შექმნას ცდილობს. "სინამდვილეში, ეს არის მცდელობა უკრაინაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის" - თქვა მან, რაშიც სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კორეის ორად გაყოფა იგულისხმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი აცხადებს, რომ უკრაინის არმია ბრძოლას გააგრძელებს და რუსეთის ძალებს კონტრშეტევის და პარტიზანული ბრძოლების საშუალებით უკანდახევას აიძულებს. "რუსებს გადარჩენისთვის არანაირი ადეკვატური სცენარი აღარ დარჩებათ" - აცხადებს ბუდანოვი.