სამშაბათს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალურმა სამსახურებმა აღკვეთეს რუსი ჰაკერების მცდელობა შეეღწიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო საინფორმაციო სისტემაში.
უკრაინა იუწყებოდა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაიზარდა რუსული მცდელობები, ჰაკერულად შეეღწია უკრაინის მთავრობის, შეიარაღებული ძალების და ენერგოსექტორის კომპიუტერულ სისტემებში. რუსეთი ამ ბრალდებებს გამუდმებით უარყოფდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა „ტელეგრამზე“ შემდეგი შეტყობინება გამოაქვეყნა: „რთული ღონისძიებების შედეგად, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოააშკარავა და დაბლოკა რუსი ჰაკერების უკანონო ქმედებები, რომლებიც უკრაინის სამხედრო ქსელებში შეღწევას და სადაზვერვო მონაცემების შეგროვებას ცდილობდნენ.“
სამსახურმა განაცხადა, რომ ჰაკერებმა სცადეს მიეღოთ წვდომა “მგრძნობიარე ინფორმაციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების ადგილმდებარეობის და გადაადგილების, მათი ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ”.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა თქვა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუს ჰაკერთა გამოცდილ ჯგუფს, რომელსაც კიბერ-უსაფრთხოების კვლევის თემში Sandworm-ის სახელითაა ცნობილი.
კიბერ-სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჰაკერები უკრაინული სამხედრო ტაბლეტი კომპიუტერების გამოყენებით საბრძოლო სისტემაში ვირუსების გავრცელებას გეგმავდნენ.