უკრაინა აცხადებს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელში შევიდა

კიევმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ჯარები, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სოფელ რობოტინეში შევიდა. უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევაში, მნიშვნელოვანი წინსვლაა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა, სოფელში შესვლის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, თუმცა, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს.

ასევე ნახეთ: კრემლი ამტკიცებს რომ კუნძულ „ზმეინთან“ ამერიკული ჩქაროსნული ნავი გაანადგურა

„ჩვენი ჯარისკაცები სოფელ რობოტინეში შევიდნენ“ - წერს უკრაინის სამხრეთ ძალების მეთაური, ალექსანდრე ტარნავსკი და „ტელეგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს.

სოფელი რობოტინე, ზაპორიჟიეს რეგიონში, სამხრეთის ფრონტზე მდებარე ქალაქ ორიხივიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული და მდებარეობს ტოკმაკისკენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული საგზაო და სარკინიგზო კვანძისკენ მიმავალ გზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინული ძალები სამხრეთისკენ, აზოვის ზღვისკენ მიიწევენ და მიზნად რუსული საოკუპაციო ძალების გაყოფას ისახავენ, ტოკმაკის დაკავება კონტრშეტევის მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა.

„ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ (ISW), ამერიკულმა კვლევითმა ჯგუფმა, რობოტინეზე უკრაინის თავდასხმები "ტაქტიკურად მნიშვნელოვან" ქმედებად აღწერა. რაიონში წინსვლამ შესაძლოა უკრაინულ ძალებს საშუალება მისცეს, დაიწყონ მოქმედებები რუსული დანაღმული ველების მიღმა, რომლებიც ივნისის დასაწყისში დაწყებულ კონტრშეტევას ხელს უშლიდა.

რობოტინეს დაკავების შესახებ, კიევის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, მოსკოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.