რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის ფლობა რუსეთს საფრთხისგან იცავს და მოსკოვი მუდმივად ახსენებს დასავლეთს ბირთვული კონფლიქტის რისკებს.
"ატომური იარაღის ფლობა დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზოგიერთ მნიშვნელოვან გარე საფრთხეზე", - თქვა ლავროვმა ინტერვიუში სახელმწიფო ჟურნალ "საერთაშორისო საქმეებთან", რომელიც შაბათს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
გასულ თვეში რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვს მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ უკრაინის კონტრშეტევა რუსული ჯარების წინააღმდეგ წარმატებული იქნება.
ლავროვმა თქვა, რომ არსებობს რისკი შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები "ატომური ძალების პირდაპირი დაპირისპირების ვითარებაში“ აღმოჩნდნენ.
"ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი განვითარება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამიტომ უნდა შევახსენოთ ჩვენ ოპონენტებს, რომ არსებობს სამხედრო და პოლიტიკური რისკები და გამაფრთხილებელი სიგნალები გავუგზავნოთ“, - განაცხადა ლავროვმა.
დასავლეთის მთავრობები, რუსეთის ბირთვულ მუქარას უპასუხისმგებლოს უწოდებენ. ამ ფონზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ კვირაში განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსს არ დაუფიქსირებია რაიმე ცვლილება რუსეთის ბირთვულ ძალებში.
Facebook Forum