რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუპიანსკის რეგიონის მოსახლეობას, რუსული საარტილერიო ცეხლისგან თავის დასაღწევად მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს - დატოვოს თუ არა საკუთარი სახლ-კარი.
„სარკასტულია იმის თქმა, რომ ევაკუაცია კარგად მიმდინარეობს“ - თქვა დმიტრო ლუჟენკომ. ლუჟენკო იმ მოხალისეებს უდგას სათავეში, რომლებიც მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან.
რუსული ძალების მიერ ყოველდღიური დაბომბვის გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია, რეგიონის ხელისუფლებამ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაცხადა.
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, კვირას ქალაქ კუპიანსკზე განხორციელებული რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად, მძიმე დაზიანებებით, 45 წლის მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული.
იმავე დღეს, მეორე რუსული თავდასხმის შედეგად, ქალაქის ცენტრში სამი სამოქალაქო პირი დაშავდა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მუშაკი და 20 წლის ქალი.
გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, მესამე თავდასხმის შედეგად, დაშავდა ერთი პოლიციელი. დაზიანდა სახლები, ავტომობილები, ბიზნესდაწესებულებები, ფოსტის ოფისი, გაზსადენი და საგანმანათლებლო დაწესებულება.
უკრაინული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, დმიტრო ლუჟენკომ განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ტერიტორიიდან 600 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის, 120 ბავშვის.
მისი თქმით, ევაკუაცია ახლა სავალდებულოა, თუმცა შესაძლოა ის იძულებით ევაკუაციად იქცეს, „იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ".
რუსეთი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმას უარყოფს.