უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება "დახურვის" საფრთხის წინაშეა. კიევმა 17 აპრილს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთის მიერ თურქეთის წყლებში გემების ინსპექციის დაბლოკვაა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და შავი ზღვის საპორტო ქალაქები დაიპყრო, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შეწყდა. გაეროს და თურქეთის შუამდგომლობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვი და კიევი 2022 წლის ივლისში შეთანხმდნენ, რომ ექსპორტი 3 პორტიდან განახლდებოდა. შეთანხმება, რომელიც მიზნად გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქებას ისახავდა, გასულ თვეში გახანგრძლივდა.
ასევე ნახეთ: კიევი მოუწოდებს ნატოს გააძლიეროს შავი ზღვის თავდაცვათუმცა, უკრაინა აცხადებს, რომ იმ სატვირთო გემების რიცხვი, რომელთაც ხორბლეული ბოსფორის სრუტით გააქვთ, კრიტიკულად შემცირდა. კიევი ამბობს, რომ ბოლო 9 თვეში უკვე მეორედ, ინსპექცია ერთ გემსაც კი არ გაუვლია. "მარცვლეულის ინიციატივა დახურვის საფრთხის ქვეშაა" - დაწერა "ფეისბუქის" გვერდზე უკრაინის მთავრობამ. კიევის განცხადების მიხედვით, ბოლო 3 დღეში, რუსმა ინსპექტორებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რეგისტრაციაზე უარი 3 სატვირთო გემს უთხრეს.
ბოსფორის სრუტეში შექმნილ საცობს, შეერთებული შტატების ელჩი უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკიც ეხმაურება. "ტვიტერზე" მან განაცხადა, რომ 50-ზე მეტი გემი ელოდება უკრაინის პორტებში შესვლის ნებართვას, რათა ისინი "მარცვლეულით დაიტვირთოს და მიეწოდოს გამოსაკვებად მათ, ვისაც ეს ესაჭიროება".
რუსეთს ბრინკის, ან უკრაინის მთავრობის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, კრემლმა ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ შეთანხმების განახლების პერსპექტივა "არც ისე ნათელი" ჩანს.
ასევე ნახეთ: კრემლი: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას კარგი პერსპექტივა არ უჩანს