რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევზე 53 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი

კიევზე რუსეთის მეორე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ამ კვირაში, მინიმუმ 53 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სახლები და ბავშვთა საავადმყოფო. ამის თაობაზე ოთხშაბათს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

თავდასხმების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები დაიმსხვრა, შეშინებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. რაკეტის ნამსხვრევებმა მიწაში დიდი კრატერი წარმოქმნა და გაანადგურა ან დააზიანა ქუჩაში გაჩერებული მანქანები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ უკრაინის თავდაცვის სისტემებმა 10-ივე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

„გუშინ, [ამერიკის] პრეზიდენტი (ჯო) ბაიდენი და მე შევთანხმდით, რომ ვიმუშაოთ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდაზე. ტერორისტულმა სახელმწიფომ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკიც.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნამსხვრევებმა დაზიანებები და ნგრევა გამოიწვია კიევის ოთხ რაიონში მდინარე დნიპროს გასწვრივ, რომელიც დედაქალაქს კვეთს. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა 35 შენობა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი. თვრამეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე ნახეთ: რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა თქვა, რომ ნასროლი ჭურვები "ისკანდერ-მ" ბალისტიკური რაკეტებია, ასევე "S-400"-ები: უკიდურესად სწრაფი რაკეტები, რომლებიც განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის, მაგრამ რომლებიც ასევე გამოიყენება სახმელეთო სამიზნეებზე დასარტყმელად.

ზელენსკიმ, რომელიც ოთხშაბათს ნორვეგიაში იმყოფება, თქვა, რომ მისი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, შეაქო დასავლეთის მიერ მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემები მას შემდეგ, რაც უკრაინამ ათივე რაკეტის ჩამოგდება შეძლო. ”დასავლური იარაღის ეფექტურობა უკრაინელი ჯარისკაცების ხელში ეჭვს არ იწვევს”, - თქვა ერმაკმა.

საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ასევე ჩამოაგდეს რუსეთის მიერ ოდესის რეგიონის თავზე გაშვებული ყველა თავდასხმის დრონი.

ასევე ნახეთ: უკრაინის დახმარება - კიევი ვაშინგტონის გადაწყვეტილების მოლოდინში

კიევის დნიპროვსკის რაიონში ბავშვთა საავადმყოფოს ფანჯრები და შესასვლელები დაიმსხვრა, თუმცა მერ ვიტალი კლიჩკოს ცნობით, პირველადი შეფასებით, მსხვერპლი არ ყოფილა.

„ეს (ბალისტიკური) რაკეტები დაფრინავენ 8000 კმ/სთ სიჩქარით“, - განუცხადა კლიჩკომ „როიტერს“ ერთ-ერთი დაზიანებული შენობის მახლობლად მდებარე ადგილის მონახულებისას.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი პოპკომ თქვა, რომ 17 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი, დნიპროვსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსიდან მას შემდეგ იყო ევაკუირებული, რაც ნამსხვრევები შენობას და მიმდებარე მანქანებს დაეცა, ამან კი ხანძარი გამოიწვია.

თითქმის 22-თვიანი ომის პარალელურად, მოსკოვი გამუდმებით უარყოფს, რომ მისი თავდასხმების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.