უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას მართავს. ქვეყნის პირველი პირი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორწლიან პერიოდს შეაჯამებს.
უსაფრთხოების ზომების გამო, პრესკონფერენციის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი სიტყვით, კიევის დროით, საღამოს 6 საათზე გამოვა. ბოლოს ასეთი ტიპის პრესკონფერენცია ზელენსკიმ წელს, 24 თებერვალს, ომის წლისთავზე ჩაატარა.
კონფერენციის პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ზელენსკის ერთ დროს უმაღლესი რეიტინგი, ახლა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამის მთავარ მიზეზად, პრეზიდენტსა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის ომთან დაკავშირებით არსებული სავარაუდო აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
ასევე ნახეთ: ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და უახლოეს გეგმებზე საუბრობს"კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ" გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ზელენსკის მოწონების რეიტინგი 84%-იდან 62%-მდეა შემცირებული. ჯარისა და სამხედროებისადმი ნდობა კი კვლავ ურყევია და ის 96%-ზე რჩება.
ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემას განიხილავს, ხოლო "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" უკრაინას 4.3 მილიარდ დოლარს გადასცემს.