უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიევი, ევროკომისიასთან ერთად, მალე შეაფასებს იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით აქვს. გაზაფხულზე კი, ბრიუსელმა კიევთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ღამის ტრადიციული ვიდეომიმართვისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოსახლეობას შეახსენა, რომ ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასულიყვნენ, რაც გაწევრიანების ოფიციალური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი საწყისია. თუმცა, პარალელურად, კიევისთვის გაურკვეველია საგარეო დახმარების ბედიც, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
"მომდევნო დღეებში, ევროკომისია ოფიციალურად დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის შეფასებას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად", - თქვა ზელენსკიმ. მისი განმარტებით, მთავრობა ასევე ემზადება ბლოკთან მოლაპარაკებების დასაწყებადაც.
ბრიუსელმა კიევს წევრობის კანდიდატის სტატუსი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შესთავაზა. უკრაინის მთავრობა ევროკომისიის მიერ პრიორიტეტად დასახელებული მიმართულებებით რეფორმების დაჩქარებას ცდილობს. გასულ თვეში, კომისიამ განაცხადა, რომ კიევმა 7 რეკომენდაციიდან 4 შეასრულა. მათ შორის, ანტიკორუფციული მიმართულებით, მართლმსაჯულლების სისტემის რეფორმის სამზადისისა და მედიასამართლისა და რეგულირების მექანიზმების ევროკავშირის შესაბამების კუთხით.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის კიევის პროგრესს მარტში კიდევ ერთხელ შეაფასებს. უკრაინაში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ეს იქნება წევრობის მიმართულებით გრძელი და რთული პროცესის ნაწილი.