უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს კენჭი უყარა რომის სტატუტს. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს უკრაინას გზას გაუხსნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) წევრობისკენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
უკრაინამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია წარსულში უკვე აღიარა, მაგრამ სასამართლოს სრული წევრობა ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
პარლამენტარი ოლექსი ჰონჩარენკო ამბობს, რომ ეს ასევე შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას, უფრო ეფექტიანად გაასამართლონ და პასუხი აგებინონ ომის დანაშაულში მხილებულ რუს სამხედროებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (ასევე ცნობილია, როგორც რომის სტატუტი) არის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დაფუძნდა. შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება მოახდინეს, მისი გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულება აქვთ.
ასევე ნახეთ: რუსეთმა უკრაინაში საავადმყოფო დაბომბა, არიან დაშავებულები და დაღუპულებისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასულ წელს რუსი ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის მიზეზი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდება გახდა. რუსეთი გამუდმებით უარყოფს, რომ მისი თავდასხმების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
"უკრაინა უკვე ეფექტურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რუსული აგრესიის ფარგლებში ჩადენილი სისასტიკეებისთვის ყოველისმომცველი პასუხისმგებლობა", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. "ეს სამუშაო ახლა კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იქნება", - ამბობს დიპლომატი.