უკრაინაში ოლიგარქ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს

იჰორ კოლომოისკი

უკრაინის პოლიციამ ოთხშაბათს, 1 თებერვალს, გავლენიანი მილიარდერის, უკრაინელი ოლიგარქის - იჰორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა. ის უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და ერთ დროს ზელენსკის მოკავშირე იყო. კიევი აცხადებს, რომ ეს კორუფციაზე მიტანილი მასშტაბური შეტევის ნაწილია.

პარალელურად, მოეწყო რეიდები საგადასახადო ოფისში და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, არსენ ავაკოვის სახლში, რომელიც ასევე გავლენიანი პირია. ეს ყოველივე ევროპის კავშირთან დაგეგმილ ერთობლივ სამიტამდე 2 დღით ადრე ხდება, რომელსაც უკრაინა უმასპინძლებს. კიევი ცდილობს ბრიუსელს აჩვენოს, რომ ბრძოლას უცხადებს ქვეყანაში წლობით გამეფებულ ქრონიკულ კორუფციას.

ასევე ნახეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ

პარასკევს, 3 თებერვალს დაგეგმილ სამიტს უკრაინა ევროპულ ბლოკში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან მომენტად თვლის. კიევისთვის ეს მიზანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც გასული წლის 24 თებერვალს იქ რუსეთი განმეორებით შეიჭრა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინა ახლა განსაკუთრებით არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე.

კოლომოისკის საქმეს პროკურატურა იძიებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეჭვი ფინანსურ დანაშაულზე აქვთ. თავად მილიარდერი უკანონო მაქინაციებში მონაწილეობას უარყოფს. მომხდარ ჩხრეკასთან დაკავშირებით მას კომენტარი ჟურნალისტებთან ჯერ არ გაუკეთებია.

დავით არახამია, პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ("ხალხის მსახური") ფრაქციის ხელმძვანელი აცხადებს, რომ სამსახურს მთელი საბაჟო დეპარტამენტის მმართველები დატოვებენ, რომელთაც უკვე შეატყობინეს, რომ უკანონო ქმედებაში არიან ეჭვმიტანილები. "ომის დროს ქვეყანა შეიცვლება. თუ ვინმე ცვლილებისთვის მზად არ არის, მაშინ სახელმწიფო მივა მათთან და შეცვლაში დაეხმარება" - თქვა "ტელეგრამზე" არახამიამ. მას გამოძიების სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ასევე მიმდინარეობს გამოძიება უკრაინის ნავთობმწარმოებელი კომპანიის "უკრტატნაფტას" ხელმძღვანელობის ნაწილის წინააღმდეგ. გამძიების სახელმწიფო ბიურო აცხადებს, რომ ოთხშაბათის ჩხრეკები "ჯერ მხოლოდ დასაწყისია". უკრაინის გენერალურმა პროკურორმა კი თქვა, რომ "ომის დროს კორუფცია მოროდიორობაა".