უკრაინის პარლამენტმა ("ვერხოვნა რადამ") კენჭი უყარა კანონს, რომელიც რუსეთთან ომის პირობებში, სამხედრო მობილიზაციას ეხება.
კენჭისყრა რუსეთის არმიის ფართო საჰაერო თავდასხმების ფონზე გაიმართა. კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს ჯარის რაოდენობა რუსეთის არმიასთან დაპირისპირებაში.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, მობილიზაციის კანონს 450-ადგილიანი პარლამენტის 283 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ასევე ნახეთ: რუსული დრონით თავდასხმამ ხარკივში 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირაკანონპროექტიდან ამოღებულია აბზაცი იმ სამხედროთა დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც ახლა გადიან სამხედრო სამსახურს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რასაც, სავარაუდოდ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვება მათი და მათი ოჯახის წევრების მხრიდან. დემობილიზაციის პარაგრაფის ამოღებას მხარი დაუჭირა 227-მა დეპუტატმა.
გასულ დღე-ღამეში რუსეთმა მორიგი თავდასხმები მოაწყო უკრაინის ბევრ რეგიონში.
დღევანდელი თავდასხმების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მიმართა და ამცნო, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების კრიტიკული საჭიროება აქვს. ზელენსკის განცხადებით, საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო მხარდაჭერა და არა თვალის დახუჭვა და ხანგრძლივი დისკუსიები.
რუსეთმა უკრაინაზე ბოლო კომბინირებული თავდასხმისას, 82 რაკეტა და დრონი გამოიყენა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.