440-ზე მეტი გვამი იპოვეს უკრაინელებმა იზიუმთან მდებარე მასობრივ სასაფლაოზე, მას შემდეგ, რაც მათ ტერიტორია რუსეთის არმიისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე დიდი სასაფლაოა, მათ შორის, რომლებიც დიდ ქალაქებში, მათი გათავისუფლების შემდეგ ვიპოვეთ... ერთ ადგილზე 440 მიცვალებული იყო დამარხული" - უთხრა "სქაი ნიუსს" სერჰი ბოლვინოვმა. ის ხარკივის რეგიონში პოლიციის მთავარი გამომძიებელია. "ზოგი საარტილერიო ცეცხლის შედეგადაა დაღუპული... ზოგი საჰაერო დაბომბვებით" - დასძენს ის.
უკრაინამ კონტრიერიშის შემდეგ, გასულ უქმეებზე რეგიონი რუსი ჯარისკაცებისგან გაათავისუფლა. კიევი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკანდახევისას ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ამუნიცია და მოწყობილობა დატოვა. საფლავებთან დაკავშირებით კრემლს განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გათავისუფლებული ქალაქი ოთხშაბთს მოინახულა. მან იზიუმში ნაპოვნი სასაფლაო და რუსების მიერ განადგურებული ქალაქი ომის დასაწყისში, კიევის მახლობლად მდებარე ბუჩას შეადარა, რომელიც ასევე რუსეთს ჰქონდა დაპყრობილი. "რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამაზე მან პასუხი უნდა აგოს" - თქვა ზელენსკიმ ხუთშაბათს, დღის ბოლოს გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ: დეოკუპირებული ქალაქები თითქმის სრულად განადგურებულია, ამბობს ზელენსკიპრეზიდენტი უკრაინელებს დაპირდა, რომ იზიუმის საფლავებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია პარასკევს გახდებოდა ცნობილი. მან მიმართვაში თქვა, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე განხორციელებული კონტრიერიშის შედეგად, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთელი ხარკოვის რეგიონი უკვე "დეოკუპირებულია".
უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსულ ძალებს ომის დანაშაულში დებენ ბრალს. მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას და ომის დანაშაულის ფაქტებს უარყოფს.
დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა იმართება. გეგმის მიხედვით, ასამბლეას პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეო-ჩართვის საშუალებით უნდა მიმართოს. წელს გაერომ ყველა გამომსვლელს სხდომაზე ფიზიკური დასწრება სთხოვა, თუმცა ზელენსკი ამ შემთხვევაში გამონაკლისი იქნება, მის ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო. ასამბლეის განმავლობაში, კენჭისყრაზე მიღებული რეზოლუციების დამტკიცებას უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.
ვაშინგტონის დახმარება
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განცხადება უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი მორიგი, ამჯერად $600-მილიონიანი პაკეტის შესახებ გააკეთა. თეთრი სახლი ამბობს, რომ ეს უკვე 21-ე შემთხვევაა, როცა თავდაცვის დეპარტამენტი კიევს საკუთარი საწყობებიდან შეიარაღებას და სხვადასხვა მოწყობილობებს გადასცემს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი მეზობელ უკრაინას განმეორებით დაესხა თავს და ამჯერად ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ვაშინგტონის დახმარებამ კიევისთვის საერთო ჯამში $15.1 მილიარდს მიაღწია.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე $3-მილიარდიანი დახმარებით აღნიშნაოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა ტიპის შეიარაღება გადაეცემა უკრაინას. თუმცა საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს იქნება ძირითადად იგივე ტიპის იარაღი, რომელიც უკრაინის ძალებს ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით კონტრიერიშების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარა.
"უკრაინელი ხალხი შესაშური შემართებით და მიზანდასახულებით იცავს სამშობლოს და იბრძვის საკუთარი მომავლისთვის" - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. ბლინკენის თქმით, ამერიკის მიერ კიევისთვის "მიწოდებული შესაძლებლობები ფრთხილადაა შერჩეული, რათა მათ მაქსიმალური შედეგი მიიღონ ბრძოლის ველზე და მტკიცე პოზიცია დაიკავონ მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა ამის დრო დადგება".
Your browser doesn’t support HTML5