უკრაინის დაზვერვა: უკრაინაში ნადავლის სახით მოპოვებული იარაღის ნაწილი რუსეთმა „ჰამასს“ გადასცა

ანდრიი იუსოვი, უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელი.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინაში ნადავლის სახით მოპოვებული იარაღის ნაწილი, [რუსეთის მიერ] უკვე გადაეცა „ჰამასის“ ტერორისტ წარმომადგენლებს“ – ეს განცხადება, უკრაინის დაზვერვის მთავარი დირექტორატის წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, უკრაინის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიისთვის გამოიყენოს.

ასევე ნახეთ: ზელენსკი "ჰამასსა" და რუსეთს შორის პარალელს ავლებს

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთი, როგორც აგრესორი სახელმწიფო და მისი პარტნიორები და სატელიტები, კერძოდ გავლენის აგენტები, იწყებენ მორიგ ანტიუკრაინულ კამპანიას, რათა ისრაელზე ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენონ. განსაკუთრებით, მისი დისკრედიტაციისთვის თავისუფალი სამყაროს, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების თვალში, რათა ამან ხელი შეუშალოს ან გაართულოს, შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევა“ - განაცხადა იუსოვმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. მისი თქმით, რუსეთი ამას, „ინფორმაციული და ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის“ წარმართვის მიზნით აკეთებს, რათა განავითაროს მოსაზრება, თითქოს, „უკრაინამ, ვიღაცას, რაღაც მიჰყიდა“.

„ეს, რა თქმა უნდა, ფალსიფიკაცია და პროვოკაციაა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეუერთდნენ უკრაინის დისკრედიტაციის ამ კამპანიას, რეჟიმის ოფიციალური წარმომადგენლები, რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები“ - აცხადებს იუსოვი.

მისი თქმით, „უკრაინისთვის გაწეული დახმარება და ყველა შეიარაღება, ჩვენი პარტნიორების, შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების, ნატოს მიერ, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. ამ კონტროლის შედეგები და შემოწმების შედეგები არაერთხელ დაფიქსირდა. უკრაინა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია“.

უკრაინელი მაღალჩინოსანი, „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ გავრცელებული ცნობები, „უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელება და მიუღებელი პროვოკაციებია, ამჯერად საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკის ველზე.“

ასევე ნახეთ: ვითარება ისრაელში - „ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასს" აღარ ექნება სამხედრო შესაძლებლობები"

უკრაინის ბრალდებასთან დაკავშირებით, მოსკოვს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, რუსული გამოცემა "სპუტნიკი" ციტირებს დმიტრი პესკოვს, კრემლის პრესსპიკერს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ისრაელი რეგიონის იარაღით მომარაგების წყაროებს გაარკვევს.

"აშკარაა, რომ ისრაელი შეისწავლის რეგიონში იარაღის მიწოდების წყაროებს" - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს. "საჭიროა დაველოდოთ, ვიდრე სანდო და ზუსტი ინფორმაცია იქნება" - დასძინა მან.

ასევე ნახეთ: ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არეულობა რუსეთის ინტერესებშია

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა, ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის მოქმედებები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს შეადარა და თქვა, რომ ერთადერთი განსხვავება შემდეგია - ისრაელს თავს ტერორისტული დაჯგუფება დაესხა, უკრაინას კი - „ტერორისტული სახელმწიფო“.