ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში არეულობა რუსეთის ინტერესებშია


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

ისრაელში შექმნილ ვითარებას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ გამოახმაურა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არეულობა, რუსეთის ინტერესებშია.

„ჩვენ ვხედავთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც გახარებულნი არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვის ირანელი მეგობრები ღიად უჭერენ მხარს მათ, ვინც თავს დაესხა ისრაელს... და ეს ყველაფერი ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე მსოფლიო ამჟამად აღიქვამს. წარსულის მსოფლიო ომები ადგილობრივი აგრესიით დაიწყო“, - განაცხადა მან.

„მე გავმართე შეხვედრა ჩვენი დაზვერვის, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე ჩვენს დიპლომატებთან ისრაელში, იქ და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ინტერესია მსოფლიო ერთიანობა შეარყიოს და უთანხმოება გაზარდოს.

„ძალიან მკაფიოა - რუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რათა ტკივილისა და ტანჯვის ახალმა წყარომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა, გაზარდოს უთანხმოება და წინააღმდეგობები და ამით დაეხმაროს რუსეთს, ევროპაში თავისუფლების განადგურებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს ერთიანობისკენ და საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. მან პარალელი გაავლო "ჰამასის" მებრძოლების ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას შორის.

რუსეთის ოფიციალური პოზიცია კი ასეთია: მოსკოვმა დღეს კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა როგორც ებრაელების, ისე პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ. კრემლმა მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "ძალზე შეშფოთებულია" ძალადობის ესკალაციით, რომელიც შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის გაცილებით უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. მოსკოვმა ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატები და ვაშინგტონის ქმედებას რეგიონში დესტრუქციულიც კი უწოდა იმის გამო, რომ ის არ აღიარებს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის საჭიროებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG