უკრაინის მთავრობის მესამედზე მეტი იცვლება

დმიტრო კულება

რამდენიმე მინისტრი იცვლება უკრაინის მთავრობაში, მათ შორის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელიც. დმიტრო კულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის და ცნობილი წარმომადგენელია მათ შორის, ვინც ამ დიდი ცვლილების ფარგლებში თანამდებობას დატოვებს.

43 წლის კულება, რომელიც პოსტზე 2020 წელს დაინიშნა, სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინის დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობდა, მოგზაურობდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ხვდებოდა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს, ესაუბრებოდა პრესას. ის პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგ საერთაშორისო არენაზე უკრაინის მთავრობის წარმომადგენელთაგან ყველაზე ცნობილი პირი იყო.

სამშაბათს გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა 5-მა მინისტრმა. კულებას განცხადება "ფეისბუქზე" პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გამოაქვეყნა. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ თავის მიზნებს მიაღწიოს.

"შემოდგომა უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უკრაინამ ყველა იმ შედეგს მიაღწიოს, რაც გვჭირდება - ყველა ჩვენგანისთვის", - თქვა პრეზიდენტმა სამშაბათ საღამოს.

გადადგომის თაობაზე განცხადებები დაწერეს სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ოლჰა სტეფანიშინამ და იუსტციის, გარემოსდაცვისა და რეინტეგრაციის მინისტრებმა. პრეზიდენტმა რამდენიმე მინისტრი წლის დასაწყისშიც გამოცვალა, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებიც.

ასევე ნახეთ: 41 დაღუპული და 180-ზე მეტი დაშავებული - რუსეთის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე