უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ადრეულ ეტაპზე გამართული მოლაპარაკებების დროს, იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, სერგეი ლავროვისთვის „ცხვირში დარტყმა“ სურდა.
კულებამ, ამის შესახებ, უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალური ინტერვიუს დროს ისაუბრა, რომელიც მის ჰობებს და ცხოვრების სტილს შეეხებოდა.
ბლიც ინტერვიუს დროს, ბლოგერმა მას შეკითხვა, მისთვის ყველაზე მძიმე მოლაპარაკებების შესახებ დაუსვა, პასუხად კი კულებამ თქვა: „ყველაზე რთულია მოლაპარაკებები, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ადგე და მოწინააღმდეგეს ცხვირში დაარტყა. მაგრამ, ამის გაკეთება ნამდვილად არ შეგიძლია.“
„შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორჯერ, ან სამჯერ მოხდა. ერთი ლავროვთან დაკავშირებით, 2022 წელს, ანტალიაში“, - იხსენებს კულება მომენტს, როცა სურდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დაერტყა.
უკრაინელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა, ომის პირველივე კვირებში, შეხვედრების რამდენიმე რაუნდი გამართეს. პირველი, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, შემდეგ კი თურქეთში.
კულება იხსენებს, რომ თურქეთში გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას ეხებოდა, განსაკუთრებით რთული იყო. გამართული შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და მას შემდეგ, მხარეებს შორის, მოლაპარაკებები აღარ გამართულა.
არაფორმალურ ინტერვიუში კულებას მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების სპიკერის თქმით, მსგავსი განცხადებები, უკრაინელ ლიდერთა „არაკომპეტენტურობას“ წარმოაჩენს.
„ეს არის პრობლემა: გაუნათლებელი, აგრესიული ხალხი მინისტრების ნიღბის ქვეშ აიყვანეს, რათა გაენადგურებინათ უკრაინა, ამერიკული ფულისთვის. იქნებ მისი ადგილი წესების გარეშე ბრძოლაშია და არა საგარეო საქმეთა სამინისტროში?“, - თქვა მარია ზახაროვამ.