უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ამბობს, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის საკითხები განიხილეს.
"მე გავუზიარე მას უკრაინის ინტერესი, რომ გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა უკრაინასა და თურქეთს შორის, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში", - თქვა სიბიჰამ "X"-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
"მე ასევე ხაზი გავუსვი შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზები", - დასძინა მან.
ასევე ნახეთ: ლოიდ ოსტინი კიევშიასიბიჰამ მანამდე უკრაინის შავი ზღვის პორტებზე ინტენსიური რუსული თავდასხმების შეჩერებაში მხარდაჭერა სთხოვა პარტნიორებს. ეს მოწოდებები მან ორშაბათს თურქეთში ვიზიტისას გააკეთა. მან თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ამ თავდასხმებმა ოთხი სამოქალაქო გემი დააზიანა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ამბობს, რომ უკრაინელ კოლეგასთან "შავი ზღვის ინიციატივის" პერსპექტივა განიხილა.
"ჩვენ ვხედავთ იმ ინიციატივების კიდევ ერთხელ განხილვის სარგებელს, რაც შესაძლოა დაეხმაროს მშვიდობას, მაგალითად შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მსგავსი", - თქვა მან და დასძინა, რომ ეს უკრაინელ კოლეგასთან ერთადაც განიხილა და პატივს სცემს უკრაინის "დადებით პოზიციას" ამ საკითხზე.
თურქეთის შუამავლობით მიღწეული იყო ე.წ. "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა", რომელიც 2023 წლის ივლისში რუსეთმა დატოვა, რადგან ამბობდა, რომ მისი პირობები არ სრულდება.