რუსეთი ხარკივის დაბომბვას განაგრძობს, უკრაინამ 28 რუსული დრონი ჩამოაგდო

უკრაინის ხარკივის ოლქის გუბერნატორმა სამშაბათს განაცხადა, რომ ტერიტორიას რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა. უკრაინის ჯარში კი ამბობენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რეგიონში 29-იდან 28 რუსული დრონი ჩამოაგო.

ხარკივის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე სახლი დააზიანა და შედეგად, სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერხი ლისაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, დრონის ჩამოვარდნამ კომერციული შენობები დააზიანა.

ასევე ნახეთ: ხარკივის რეგიონის რამდენიმე დასახლებაში პოზიციებისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა მოკავშირეებს და სთხოვა მათ, რომ უკეთ აღჭურვონ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ახალი საბრძოლო თვითმფრინავებით.

”სამწუხაროდ, თავისუფალ სამყაროს ჯერ კიდევ აკლია ეფექტურობა ამ ორი ამოცანის შესრულებისას,” - თქვა ზელენსკიმ. ”მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პერსპექტიული და საიმედო სამუშაო პროცესი რამდენიმე პარტნიორთან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დადგეს დღე, როდესაც შევძლებთ დავამატოთ "პატრიოტების" ძალა ჩვენს აღმოსავლეთ რეგიონებს, ჩვენს ქალაქებს, როგორიცაა ხარკივი, სუმი და სხვები“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მართვადი რაკეტა და ორი საჰაერო დრონი ბელგოროდის რეგიონის თავზე და კიდევ ერთი თვითმფრინავი კურსკის რეგიონში.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინული დრონი მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.