კონტრიერიში - კიევი უკრაინელებს ჭარბი ოპტიმიზმისგან თავშეკავებას ურჩევს

კიევი უკრაინის სამხრეთ ფრონტზე რუსულ ძალებს უტევს. უკრაინის ბოლო სამხედრო ქმედებებმა გააჩინა იმედი, რომ დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, კიევმა კონტრიერიში დაიწყო.

თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები თანამოქალაქეებს აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ზედმეტი ოპტიმიზმისგან. მსგავსი რამ აქამდეც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ წარმატებას უკრაინა ყოველთვის ვერ აღწევს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკვე აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჩავარდა და მათი მოწინააღმდეგის მხარეს დიდი დანაკარგებია.

ბრიტანული დაზვერვის ცნობები

ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ ორშაბათიდან "უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ბრიგადა გაძლიერებული საარტილერიო ცეცხლით უტევდა რამდენიმე სექტორს სამხრეთ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე".

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ "უკრაინის დაწინაურების" მასშტაბების დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია. ის "დისტანციიდან ზუსტი დამიზნებით უტევს რუსეთის მომარაგების ხაზებს".

ხერსონი ფოკუსში

კიევის ყურადღება უმეტესად ხერსონთან გამაგრებული რუსეთის პოზიციებისკენაა მიპყრობილი. ხერსონი უკრაინის მთავარი ეკონომიკური ჰაბია, რომელიც შავ ზღვასთან ახლოს მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ სამშაბათს განაცხადა, რომ "ხერსონთან ძლიერი აფეთქებების ხმა მთელი ღამისა და დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს პრაქტიკულად მთელ სტრატეგიულ ტერიტორიაზე". კიევის ცნობით, რეგიონში განადგურებულია ამუნიციის რამდენიმე საწყობი და მდინარე დნეპრზე მდებარე ყველა დიდი ხიდი, რომელიც რუსეთის ძალების მომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ორშაბათს საღამოს გაკეთებულ მიმართვაში, ზელენსკიმ ხერსონთან განლაგებულ რუსულ ძალებს უკან დახევისკენ მოუწოდა და თქვა, რომ უკრაინის ძალები მიტაცებულ მიწებს იბრუნებენ. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინის არმია რუსეთის ძალებს უკან, "საზღვრებამდე" დაედევნება. "თუ მათ გადარჩენა სურთ, ახლა დროა რუსეთის სამხედროები გაიქცნენ. შინ წადით", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: "უკრაინა თავის საკუთრებას იბრუნებს".

რუსული სახელმწიფო მედია "ტასი" კი აცხადებს, რომ ხერსონში სულ 5 აფეთქება მოხდა. ამასთან, ეს სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგია - ამბობს რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო.

ვითარება ზაპორიჟიაში

ამ ფონზე გაეროს ატომური ენერგიის დამკვირვებელთა ჯგუფი უკვე უკრაინაშია. დამკვირვებლები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე გეგმავენ ჩასვლას. ევროპაში უდიდესი ბირთვული ობიექტის მახლობლად მიმდინარე აფეთქებებმა გააჩინა შიში, რომ ჩერნობილის შემდეგ, უკრაინა შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს ბირთვული კატასტროფის ეპიცენტრი.

რუსეთი და უკრაინა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით გახსნილ საარტილერიო ცეცხლს და მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას ერთმანეთს აბრალებენ. რადიაციის გაჟონვის საფრთხე იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობაში "იოდინის" - ანტირადიაციული აბების დარიგება დაიწყეს.