„მცოცავი ოკუპაცია“ საქართველოში, ყირიმის ანექსია, შეჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და სეპარატისტების მხარდაჭერა, დაპირისპირება აზოვის ზღვაში - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ეს მოვლენები ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და საომარი ვითარების შესახებ განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა. როგორია უკრიანის არჩევანი და რისი დემონსტრირება სურს რუსეთს? ამ თემაზე ვაშინგტონში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში "ჩატამ ჰაუზის" მკვლევარის, ჯეიმს შერის ლექცია გაიმართა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ნოემბრის ბოლოს ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენები: რუსეთის მიერ, უკრაინელი მეზღვაურებისა და ხომალდების დაკავება ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სწორედ დესტაბილიზაციის მცდელობა იყო. თუმცა საარჩევნო პროცესი არც ამ მოვლენების და არც მათ პასუხად გამოცხადებული დროებითი საომარი ვითარების გამო, არ შეფერხებულა.
ჯეიმს შერი, რუსეთისა და ევრაზიის მკვლევარი „ჩატამ ჰაუზიდან“, ამბობს, რომ რუსეთის ამგვარ ქმედებებს ყოველთვის რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის მეზობელი ქვეყნის არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოდგენა და დასავლეთისთვის იმის თქმა, რომ გზა მშვიდობისკენ, რუსეთთან მოლაპარაკებებზე გადის:
ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ინტერპრეტირება მოსკოვში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო ის, რასაც ცდილობდნენ, ეს არ იყო “ბრწყინვალე წარმატება”. თუმცა ისინი მაინც ცდილობენ ისევ და ისევ იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთი, რამდენად შეუძლია ჩაერიოს, გაანადგუროს, გააფუჭოს. ეს იმისთვის, რომ ხალხმა დასავლეთში გაიგოს: თუ გინდათ, რომ ეს შეწყდეს, ჩვენ უნდა გაგვიმკლავდეთ, თუ არადა - ეს კვლავ გაგრძელდებ.ჯეიმს შერი, "ჩატამ ჰაუზი"
“რუსეთის ასეთ დემონსტრაციულ ქმედებებს, როგორც წესი, რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი, ეს ნამდვილად არის უკრაინისთვის იმის დემონსტრირება, რომ მას არაფერი შეუძლია, რომ სრულად რუსეთზეა დამოკიდებული მისი თავისუფალი ზღვაოსნობის უფლებაც და ფუნდამენტური ეკონომიკური კეთილდღეობაც“, - ამბობს შერი და განმარტავს, რომ ქერჩის სრუტეში ნოემბრის ბოლოს მომხდარი ინციდენტი მხოლოდ გაგრძელება იყო იმ შემოწმებების სერიისა, ინსპექციისა, რაც რუსეთმა სრუტეში მოძრავ უკრაინულ და უცხოურ სავაჭრო გემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაუწესა. მისი თქმით, ეს პოლიტიკურ-სამხედრო აგრესიასთან ერთად, ეკონომიკური ბლოკადის მცდელობაცაა.
"ეს ამის ხაზგასასმელად და ასევე დასავლეთისთვის იმის საჩვენებლად მოხდა, რომ აი, ნახეთ, აქ ჩვენ გვაქვს ძალების მონოპოლია და ვერაფერს გახდებით, თუკი ჩვენთან ომი არ გინდათ. მესამე მიზანი, კი ნამდვილად იყო ოფიციალური კიევისა ხელისუფლების დისკრედიტაცია და შესაძლოა, პროვოცირებაც, რათა გადადგმულიყო ისეთი საშიში ნაბიჯები, რომლებიც გამოყენებული იქნებოდა რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის წინაპირობად", - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
ჯეიმს შერი ამბობს, რომ კრემლმა სასურველი შედეგები ვერ მიიღო. უკრაინამ რუსულ აგრესიას სამხედრო ქმედებით არ უპასუხა და ამ ყველაფერმა ვერც უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახდინა გავლენა.
“ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ინტერპრეტირება მოსკოვში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ იყო ის, რასაც ცდილობდნენ, ეს არ იყო “ბრწყინვალე წარმატება”. თუმცა ისინი მაინც ცდილობენ ისევ და ისევ იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთი, რამდენად შეუძლია ჩაერიოს, გაანადგუროს, გააფუჭოს. ეს იმისთვის, რომ ხალხმა დასავლეთში გაიგოს: თუ გინდათ, რომ ეს შეწყდეს, ჩვენ უნდა გაგვიმკლავდეთ, თუ არადა - ეს კვლავ გაგრძელდება”, - ამბობს შერი.
თუმცა, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მარტის ბოლოს საპრეზიდენტო და წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უკრიანისთვის დიდი გამოცდა იქნება:
"თუკი უკრაინა ამ წელს, ამ ორ არჩევნებს შიდა დესტაბილიზაციის გარეშე ჩაატარებს, ეს იქნება უკანასკნელი კრიტიკული ბარიერი, რომლის შემდეგაც შეგვიძლია მეტნაკლებად აღარ ვიდარდოთ მასზე".
საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობაზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ საქართველომ 2003 წლის შემდეგ ძალიან კარგი რეპუტაცია მოიპოვა:
”ბევრი ადამიანი ვაშინგტონში, საქართველოს მეგობრები, ღელავენ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ უკუსვლას ვხედავთ…უკანასკნელი არჩევნები არ იყო კარგი საქართველოს იმიჯისთვის, თუ მისი პრაქტიკისთვის. თუ ეს ცალკეული შემთხვევაა და ჩვენ ღიად ვიხილავთ დემოკრატიულ წესებში დაბრუნებას, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ ეს ტენდენციაა, ამას აუცილებლად ექნება გავლენა [ორი ქვეყნის] ურთიერთობაზე“, - ამბობს ჰერბსტი.
პრეზიდენტმა ტრამპმა რუს კოლეგასთან დაგეგმილი შეხვედრა აზოვის მოვლენების გამო გადადო, შეხვედრა, რომელიც “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში, არ შედგება. რუსულ მხარეს ნოემბერში დაკავებული მეზღვაურები, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებისა და დასავლელი ლიდერების მოწოდებისა, ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია.