ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებს

ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ბრიუსელში ხვალ საგანგებო სხდომას დაესწრებიან, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპასუხო ნაბიჯები განიხილება. საუბარია საერთაშორისო სანქციებზე, რომელიც სავარაუდოდ იმ ადამიანებს შეეხება, რომელთაც პასუხისმგებლობა კიევში სამშაბათს დაწყებულ ძალადობაში ეკისრება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამასთან დაკავშირებით განცხადება გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერებმა გააკეთეს.

ანგელა მერკელის თქმით, ორივე ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებზე სანქციები უნდა დააწესოს. გერმანიის კანცლერს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა სანქცირებულთა სიაში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ამას გარდა მერკელმა შექმნილი სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად პოლიტიკური პროცესის განახლება დაასახელა, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა რუსეთმაც მიიღოს.

სანქციების მიღების აუცილებლობაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროსომაც ისაუბრა: „ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ევროკავშირი ვითარების გართულების შემთხვევაში ზომებს მიიღებდა. ამიტომაც კონკრეტულ ღონისძიებებს განვახორციელებთ მათ წინააღმდეგ, ვისაც ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება“ - აღნიშნავს ბაროსო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ევროკავშირი კიევში მიმდინარე სისხლისღვრასთან დაკავშირებით პასიურ პოზიციას ვერ დაიჭერს. ფრანგი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის ევროპის ნაწილია.

უკრაინელ ლიდერებს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეფასება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისცა. კარლ ბილდტის თქმით, პრეზიდენტ იანუკოვიჩს „ხელი სისხლით აქვს დასვრილი“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის სანქციებს განიხილავენ ხუთშაბათს ევროპის ქვეყნების ლიდერები. სავარაუდოდ, საუბარია საბანკო ანგარიშების და ანაბრების გაყინვაზე, ისევე როგორც 28-წევრიანი ბლოკის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ.