ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში მომხდარ ძალადობას საქართველოს მთავრობა ეხმაურება


საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობას, რომელიც კიევის ქუჩებში მიმდინარეობს. პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარინაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის კატეგორიულად გმობს უკრაინაში მიმდინარე ძალადობას. „უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი ტრაგედიაცაა, მით უფრო, რომ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს. კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია,“ ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რადგან სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი თავიდან აიცილოს ესკალაცია და სისხლისღვრა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ძალადობა დაგმო და „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა მოვლენების ტრაგიკულ განვითარებასთან დაკავშირებით. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას ოჯახს.

მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სიტუაციის დარეგულირება და ოპოზიციასთან დიალოგის დაწყება სთხოვა.

უკრაინაში მომხდარი ძალადობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო. სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია- „ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი.“
XS
SM
MD
LG