შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიასთან გამკლავება შეძლოს. ამ პაკეტის ღირებულება 3 მილიარდი დოლარია. ამერიკამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გაუგზავნა.
„პუმა“ დრონები, არტილერიის საწინააღმდეგო რადარები და დამატებით ექვსამდე მოწინავე „მიწა-ჰაერი“ სარაკეტო სისტემა „National”, ისეთივე, როგორიც ვაშინგტონის ცის დასაცავად გამოიყენება - ეს ყველაფერი ახალი 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც უკრაინის თავდაცვის ხანგრძლივ საჭიროებებს მოხმარდება. ეს უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარებიდან უდიდესი პაკეტია, რომელშიც უკრაინის სამხედროების წვრთნისა და მათი იარაღის ტექნიკური მომსახურების თანხაც შედის.
თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დახმარება მრავალწლიანი ინვესტიციაა , რომელიც შემდეგი სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე $3-მილიარდიანი დახმარებით აღნიშნა„ასეთი პაკეტები მიანიშნებს, რომ უკრაინას არა მხოლოდ ახლა ვეხმარებით, არამედ იქნება დახმარების უწყვეტი ნაკადი, რომელიც ბევრი თვისა და წლის განმავლობაში გაგრძელდება და გვჯერა, ეს პირდაპირი გამოწვევა იქნება პუტინის არასწორი გათვლისთვის, რომ მას შეუძლია [ეს ვითარება] უბრალოდ გააჭიანუროს და დაელოდოს სანამ ის დამთავრდება", - ამბობს თავდაცვის მდივნის მოადგილე.
შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდება და კალი ამბობს, რომ პენტაგონმა უსაფრთხოებისთვის ეს დახმარება ისე გათვალა, რომ ომის ხანგრძლივობის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს: „თუ ომი წლობით გაგრძელდება, ეს პაკეტი მნიშვნელოვანი იქნება. თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, ეს პაკეტი მაინც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უკრაინას თავდაცვის და მომავალი აგრესიის შეკავების შესაძლებლობა სჭირდება", - ამბობს ის.
აშშ-მ გასულ წელიწადნახევარში, უკრაინის დასახმარებლად უკვე 13 მილიარდი დოლარი დახარჯა.
ივანა სტრადნერი, "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან" ამბობს, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, რადგან „ეს ომი ჩვენი ომიცაა. უკრაინა ჩვენთვისაც იბრძვის. სინამდვილეში ეს ომი, დემოკრატიის წინააღმდეგ ავტორიტარული სისტემის ომია.“
ამერიკის მთავრობის ადმინისტრაცია კი ამბობს, რომ უკრაინისთვის დახმარების ეს ბოლო პაკეტი არ იქნება უკანასკნელი.