ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე $3-მილიარდიანი დახმარებით აღნიშნა


დღეს, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება უკრაინის უსაფრთხოებითვის განსაზღვრული, უპრეცედენტო დახმარების თაობაზე გააკეთა. 3 მილიარდამდე დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი ყველაზე დიდი მოცულობისაა, რაც ვაშინგტონმა კიევს 6 თვის წინ, რუსეთის უკრაინაში თავდასხმიდან, დღემდე აღმოუჩინა.

$2.98-მილიარდიანი დახმარება "უკრაინას შესაძლებლობას მისცემს შეიძინოს თავდაცვის სისტემები, საარტილერიო სისტემები, ამუნიცია, უპილოტო საფრენი სისტემები და რადარები, რათა მან გრძელვადიანად შეძლოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა" - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა დახმარების გამოცხადებისას. მისი თქმით, "შეერთებული შტატები ერთგული რჩება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც საკუთარი სუვერენიტეტისთვის იბრძვის".

ბაიდენმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღე წელს არც ისე ბედნიერია. ერთი დღით ადრე, ვაშინგტონმა უკრაინა გააფრთხილა, რომ რუსეთი მომდევნო დღეებში ახალი იერიშებისთვის ემზადება, რაც სავარაუდოდ, უმთავრესად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და სამთავრობო შენობა-ნაგებობებზე მოხდება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებიც გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

ახალი დახმარების პაკეტის ჩათვლით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გაწეული დახმარება ჯამში $10.6 მილიარდს აღწევს. შედარებისთვის, 2014 წლიდან 2021 წლამდე იმავე ტიპის დახმარება $2 მილიარდს არ აღემატებოდა.

ახალი პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივიდან მოდის- Ukraine Security Assistance Initiative (USAI). შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დამტკიცებული ინიციატივა, უფლებას აძლევს თეთრ სახლს, რომ უკრაინისთვის განსაზღვრული შეიარაღება მიიღოს სამხედრო წარმოებიდან და არა ამერიკის უკვე არსებული საწყობებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG