ბრიტანეთი აცხადებს, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა. ლონდონმა პარასკევს 30 ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის რუსი, ირანელი და მიანმარელი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კორუფციაზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციები დააწესა. ეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა განაცხადა, რომ გეგმავს სანქციების დაწესებას ირანის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, იქ საპროტესტო გამოსვლების ფონზე.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი სანქციები კოორდინირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ანტიკორუფციის და ადამიანის უფლებათა გლობალური დღის აღსანიშნავად. სანქციები მოიცავს პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პატიმრების წამებასა და ჯარების მობილიზაციაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე ძალადობის მიზნით.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთმა რუსეთს 18 მილიარდი ფუნტის ღირებულების აქტივები გაუყინა„დღეს ჩვენი სანქციები უფრო შორს მიდის, რათა გამოააშკარავდნენ ისინი, ვინც დგას ჩვენი ფუნდამენტური უფლებების ამაზრზენი დარღვევის უკან“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განცხადებაში.
სანქცირებულია რუსი პოლკოვნიკი რამილ იბატულინი, 90-ე სატანკო დივიზიის მეთაური, რომელიც ამ წლის დასაწყისში ჩართული იყო უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში. მთავრობის განცხადებით, ამ დივიზიის მომსახურე ჯარისკაცების მიმართ, ბევრ ბრალდებას შორის, უკრაინაში კონფლიქტის დროს მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტებიცაა.
რუსეთი უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას ან მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღებას.
ბრიტანეთმა ასევე სანქციები დაუწესა 10 ირანელ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან ირანის ციხის სისტემებთან. ეს მოიცავს 6 ადამიანს, რომლებიც რევოლუციურ სასამართლოსთან არიან კავშირში და პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემონსტრანტების დევნაზე, მათ შორის - სიკვდილით დასჯით.
ირანში საპროტესტო გამოსვლები, 22 წლის ქურთი ირანელი ქალის, მაჰსა ამინის პატიმრობაში გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც ჩადრის არასწორი ტარების გამო მორალის პოლიციაში დააკავეს.
ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა ალი ჩეჰარმაჰალისა და გოლამრეზა ზიაის, თეირანის ევინის ციხის ყოფილ დირექტორებს, რომლებიც, მისი თქმით, ცნობილი არიან როგორც ირანელი, ისე უცხოელი პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობით.
ასევე ნახეთ: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა მიანმარის არმიაში მომსახურე პირებს, რომლებიც, ლონდონის თქმით, მონაწილეობდნენ ხოცვა-ჟლეტაში, წამებასა და გაუპატიურებაში.
ამასთან, ბრიტანეთის გლობალური ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ყოველწლიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჩინეთში გასულ წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩინეთში გრძელდება უიღური მუსლიმების დაკავების და ბანაკებში განთავსების ფაქტები, რასაც ლონდონი „საშინელ დევნას“ უწოდებს. პეკინი ამ ბრალდებებს უარყოფს.
გარდა ლონდონისა, სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა ასევე კანადამ. ოტავამ მსგავსად ლონდონისა, სანქციები დაუწესა რუსეთის, ირანის და მიანმარის მთავრობის წევრებს, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის.
თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კანადამ რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან, 1500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს დაუწესა სანქციები. სანქციების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, თეირანმა თქვა, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის მან ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოახრჩო.