ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ


საპროტესტო აქცია თეირანში. ირანი, 25 სექტემბერი, 2022 წ.
საპროტესტო აქცია თეირანში. ირანი, 25 სექტემბერი, 2022 წ.

გერმანია, საფრანგეთი, დანია, ესპანეთი, იტალია და ჩეხეთი ევროკავშირს ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შეთავაზებით მიმართავენ. ამის მიზეზი ირანში აგორებული საპროტესტო ტალღის მონაწილეებთან ხელისუფლების მოპყრობაა. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

შეთავაზებული ღონისძიებები ეროვნული პროტესტის მონაწილეებთან სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობრივ მოპყრობაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული.

სანქციების შეთავაზება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებს, ეს გადაწყვეტილება 17 ოქტომბრის შეკრებისას მიიღონ. გამოცემა "შპიგელი" წერს, რომ სავარაუდოდ, ამ შეთავაზებას მოწინააღმდეგეები არ ეყოლება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ირანის მიერ დემონსტრანტების შევიწროება იყო ნათელი გამოხატულება იმისა, რომ არსებობს "განათლებისა და თავისუფლების ძალის შიში".

"ჩვენი საგარეო პოლიტიკური გზებიც შეზღუდულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ მათი ხმა, გავავრცელოთ ინფორმაცია და დავაკისროთ პასუხისმგებლობა და სანქციები. სწორედ ესაა, რასაც ვაკეთებთ" - განაცხადა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.

ირანში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო დემონსტრაციები ათობით ქალაქში გრძელდება. პროტესტი 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, რომელიც პოლიციამ თავსაფრის არასწორი ტარებისთვის დააკავა და შემდეგ ის სამ დღეში, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გარდაიცვალა. ახლობლები ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა ქალს ძალადობის ნიშნები ჰქონდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, ბოლო ორი კვირის მანძილზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციებისას, 100-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ირანის ხელისუფლება არ აკონკრეტებს გარდაცვლილთა რიცხვს და ამბობს, რომ "მეამბოხეებმა და მოძალადეებმა" ბევრი სამართალდამცავი მოკლეს. გასულ კვირას სახელმწიფო ტელევიზია აცხადებდა, რომ სულ 41 ადამიანია გარდაცვლილი.

XS
SM
MD
LG