ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სოციალურ ქსელ ტვიტერზე მის ზოგიერთ მიმდევარს შორის არსებული სასამართლო დავა დაასრულა.
ტრამპის გვერდი ახლა ტვიტერზე აქტიური აღარაა, ის მას შემდეგ დაიბლოკა, რაც კაპიტოლიუმში პრეზიდენტის მომხრეები შეიჭრნენ და არჩევნების სერტიფიციების პროცესის ჩაშლა სცადეს.
თუმცა, საქმე პრეზიდენტის ანგარიშის დაბლოკვამდე შემთხვევას ეხება, როდესაც ტრამპმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული აზრის გამო, თავისი 7 მიმდევარი დაბლოკა. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა მაშინ ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება დაარღვია და მოქალაქეებს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება შეუზღუდა.
ასევე ნახეთ: რუსეთმა "ტვიტერი" დააჯარიმაორშაბათის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ამერიკის პრეზიდენტმა თავისი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა, გააუქმა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ვინაიდან ტრამპი პრეზიდენტი აღარაა, შესაბამისად ვეღარ განიხილება საქმე, რომელშიც მოპასუხე მხარე ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი უნდა იყოს.
ტრამპმა თავისი ტვიტერის გვერდი 2009 წელს შექმნა და 88 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. 2017 წლის მაისსა და ივნისში კი 7 სხვადასხვა ადამიანი დაბლოკა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო. ამ 7 ადამიანის უფლებას,კოლუმბიის უნივერსიტეტში არსებული "პირველი შესწორების ინსტიტუტის" ადვოკატები იცავდნენ.