ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 12 მაისს, "რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ანგარიში" გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმ ქვეყნებზე, სადაც რელიგიური თავისუფლება იზღუდება, იკრძალება და იდევნება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, თქმით, რელიგიური თავისუფლება "ადამიანის უნივერსალური უფლებაა".
"რელიგიური თავისუფლება ვერ იქნება სრულად რეალიზებული იქამდე, ვიდრე ადამიანის სხვა უფლებები არ იქნება დაცული. ხოლო როდესაც მთავრობები არღვევენ თავიანთი ხალხის რწმენისა და თავისუფლად ლოცვის უფლებას, ეს ყველა სხვა უფლებებსაც აყენებს ზიანს",- განაცხადა ბლინკენმა.
ანგარიშზე საუბრის დროს, ბლინკენმა ყურადღება გაამახვილა რელიგიური უფლებების უხეშ დარღვევებზე ირანში, ბირმაში, რუსეთში, ნიგერიასა და საუდის არაბეთში. მისი თქმით, ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა ყველაზე მძიმედ და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებას ჰქონდეს საკუთარი მრწამსი.
"რუსეთში, ხელისუფლება განაგრძობს იეჰოვას მოწმეების და უმცირესობაში მყოფი მუსლიმების დაპატიმრებას, შევიწროვებას და ქონების ჩამორთმევას, სავარაუდო ექსტრემიზმის ბრალდებით",- ამბობს ბლინკენი.
ასევე ნახეთ: მოსკოვი-პეკინი VS ვაშინგტონი - როგორია ჩინეთ-რუსეთის ერთობა ამერიკის წინააღმდეგსახელმწიფო მდივანმა, ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინეთში, მუსლიმი უმცირესობის, უიგურების თემაზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს უიგურების "გენოციდში" დასდო ბრალი და რუსეთთან და ირანთან ერთად, ყველაზე უარეს ქვეყნებად დაასახელა რელიგიური თავისუფლების დაცვის მხრივ.
"ჩინეთი რელიგიურ გამოხატულებებს კრიმინალად აცხადებს და განაგრძნობს დანაშაულებებს კაცობრიობის წინაშე, ასევე გენოციდს მუსლიმი უიგურებისა და რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ",- თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის "რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ანგარიშში" ამერიკასა და ევროპაში, მზარდი ანტი-სემიტური და ანტი-მუსლიმური განწყობები, როგორც შემაშფოთებელი ტენდენცია ისეა მოხსნებული.