წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც 6 იანვრის საქმეს იძიებს, პარასკევს განაცხადა, რომ მათ ყოფილ პრეზიდენტს ჩვენების მისაცემად ოფიციალური ორდერი გაუგზავნეს. დონალდ ტრამპს 2020 წლის დასაწყისში კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემას და დოკუმენტების წარდგენას სთხოვენ.
ორდერის მიხედვით, ტრამპმა დოკუმენტები 4 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე კი დაახლოებით 14 ნოემბრამდე უნდა წარდგეს.
"როგორც ჩვენ მოსმენებზე იყო დემონსტრირებული, ჩვენ თავი მოვუყარეთ იმის დიდძალ მტკიცებულებას, მათ შორის ათეულობით თქვენ მიერ დანიშნული თანამდებობის პირების და თანამშრომლებისგან, რომ თქვენ პირადად გაუწიეთ ორკესტრირება და ზედამხედველობდით მრავალნაწილიან მცდელობას, შეგეცვალათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ხელი შეგეშალათ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის" - ნათქვამია კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 21 ოქტომბერს მომზადებულ წერილში, რომლის ადრესატიც დონალდ ტრამპია.
წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში 7 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელია. მათ 13 ოქტომბერს კენჭი უყარეს ტრამპის კონგრესში გამოძახებას და ერთხმად დაუჭირეს მხარი. თუკი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი კონგრესში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა, ეს შესაძლოა მისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გახდეს.
კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს დანაშაულზე ბრალის წაყენების მანდატი არ აქვს, მაგრამ შეუძლია საგამოძიებო მასალები იუსტიციის დეპარტამენტს გადასცეს. თავად ტრამპი კომიტეტის მუშაობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დემოკრატებისგან და იმ ორი რესპუბლიკელისგან შედგება, ვინც ხმა მის იმპიჩმენტს მისცა. თუმცა, საქმეში თავად ტრამპის თანამშრომლების და თანაპარტიელების მიერ წარდგენილი ბევრი ახალი მტკიცებულებაა.