ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრძოლა ერის სულისთვის" - ბაიდენი დღეს ერს მიმართავს


პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა უილკს-ბერის უნივერსიტეტში. უილკს-ბერი, აშშ. 30 აგვისტო, 2022 წ.
პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა უილკს-ბერის უნივერსიტეტში. უილკს-ბერი, აშშ. 30 აგვისტო, 2022 წ.

დღეს საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელებს ქალაქ ფილადელფიიდან პირდაპირი ეთერით მიმართავს. თეთრი სახლის განმარტებით, მიმართვის თემაა "ბრძოლა ერის სულისთვის".

ბაიდენი დამოუკიდებლობის დარბაზთან იდგება, იქ სადაც ამერიკის ყოფილ დედაქალაქში, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მსჯელობდნენ და ის საბოლოოდ დაამტკიცეს. იქიდან, სადაც დამფუძნებელმა მამებმა შეერთებული შტატების კონსტიტუცია შექმნეს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ისაუბრებს იმაზე, რომ "ჩვენი უფლებები და თავისუფლებები კვლავ თავდასხმის ქვეშაა".

ანალიტიკოსი ბილ კრისტოლი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სავარაუდოდ ქვეყნის ზოგად მდგომარეობაზე იმსჯელებს. მისი აზრით, ეს "არ იქნება უბრალოდ პოლიტიკური სიტყვა, არამედ უფრო შთამაგონებელი მიმართვა მთელი ერისადმი".

საწინააღმდეგო აზრისაა დარტმუთის უნივერსიტეტის პროფესორი ბრენდონ ნიანი. მისი აზრით, მიმართვა პოლიტიკურია და ბაიდენი "შუალედური არჩევნების წინ დემოკრატების მობილიზებას შეეცდება".

ბოლო დღეებში პრეზიდენტის რიტორიკა მართლაც შეიცავდა ოპონენტი რესპუბლიკელი კანონმდებლების კრიტიკას. ბაიდენი ასევე ირიბად აკრიტიკებდა მის წინამორბედს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ოპოზიციური პარტიის ფილოსოფიას მან ერთხელ "ნახევრად ფაშისტურიც" კი უწოდა.

ტრამპის კრიტიკა ამერიკულ მედიაში განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის მარალაგოს რეზიდენციიდან ამოიღეს დოკუმენტები გრიფით "საიდუმლო". სპეციალისტთა განმარტებით, ეს შესაძლოა კანონდარღვევას წარმოადგენდეს, რადგან ყოფილ პრეზიდენტს მათი წაღების და დაუცველ ადგილზე შენახვის უფლება არ ჰქონდა. შეერთებული შტატების მთავრობის ეთიკის ოფისის ყოფილი დირექტორი უოლტერ შაბი ამბობს, რომ "თუ ტრამპი არ გასამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობის აზრით, ის კანონზე მაღლა დგას".

დონალდ ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ბაიდენის ადმინისტრაციას და გამოძიების ფედერალურ ბიუროს მის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. საიდუმლო დოკუმენტების თეთრი სახლიდან შინ წაღების გამო აღძრულ საქმეს კი ის "სიყალბეს" უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG