მომავალ კვირას, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის კომპანიას თავის დაცვა სასამართლო პროცესზე მოუწევს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის საოჯახო კომპანიას გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალი აქვს წაყენებული. ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები თანდათან მრავლდება, რაც მისი უძრავი ქონების კომპანიას ჯარიმებით და ბიზნესის წარმოებაში შეფერხებებით ემუქრება.
ალენ ვეისელბერგმა, "ტრამპის ორგანიზაციის" ყოფილმა უფროსმა ფინანსურმა ოფიცერმა $1.76 მილიონის ოდენობის შემოსავლის დამალვაში ბრალი უკვე აღიარა. ის ტრამპის მარჯვენა ხელი იყო და მის კომპანიაში ნახევარი საუკუნის მანძილზე მუშაობდა. "ტრამპის ორგანიზაცია" მთელი მსოფლიოს მასშტაბით განკარგავს სასტუმროებს, გოლფის კორტებს და სხვა ტიპის უძრავ ქონებას.
ვეისელბერგი ახალ პროცესზე, მოწმის სახით, ჩვენებებს ტრამპის კომპანიის წინააღმდეგ მისცემს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მანჰეტენის შტატის სასამართლოში, ორშაბათს დაიწყება. თავად დონალდ ტრამპს ბრალი წაყენებული არ აქვს. მას შემდეგ, რაც ის ამერიკის პრეზიდენტი გახდა, კომპანიას მისი ორი უფროსი შვილი, უმცროსი დონალდ ტრამპი და ერიკ ტრამპი მართავს.
საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ "ტრამპის ორგანიზაციას" $1.6 მილიონამდე ჯარიმა ელის. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული. სასამართლო აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.
Facebook Forum