840 დღიანი ტყვეობის შემდეგ, მცირე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი, 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე, 32 წლის რომა კაკალაძე თავისუფლები არიან. მათ ტაჯურას ციხე, სადაც 2 წელი და თითქმის 4 თვე გაატარეს უკვე დატოვეს და ამჟამად, ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან.
ქართველი მეზღვაურები აფრიკის კონტინენტიდან სამშობლოში ხვალ საღამოს სტამბულის გავლით გამოემგზავრებიან, თუმცა ჯერ, ზუსტად არ იციან, ბათუმში ჩამოფრინდებიან, თუ თბილისში. ტყვეობიდან გათავისუფლებულმა რომა კაკალაძემ ტრიპოლიდან ტელეფონით „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა:
უბედნიერესები ვართ, სიტყვები არ მყოფნის, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც ვახსოვდით და ჩვენს გასათავისუფლებლად იბრძოდა. გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა, მე მთლიანად სასჯელი მიმაჩნია უკანონოდ, მაგრამ ბოლო 6 თვე ჩვენ უბრალოდ გამოკეტილი ვყავდით ციხეში, აღარ მინდა ამ ქვეყანაზე საუბარი, აქ არ უნდა მოხვდე, არავის ვუსურვებ აქ მოხვედრას"რომა კაკალაძე, ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური
„უბედნიერესები ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, ვისაც ვახსოვდით და ჩვენს გასათავისუფლებლად იბრძოდა. დიდი მადლობა მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეგვიპტეში ჩვენს საელჩოს, განსაკუთრებით, ჩვენს დიპლომატს ალექსანდრე ჭელიძეს, რომელიც ბოლო 6 თვეა ჩაერთო საქმეში და ყურადღებას არ გვაკლებდა, ყოველდღე კავშირზე იყო. დიდი მადლობა "ამერიკის ხმას", სხვა მედია საშუალებებს, ყველა ჟურნალისტს, ვინც ციხეში გვიკავშირდებოდა და ჩვენს ამბებს აშუქებდა.
გათავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა, მე მთლიანად სასჯელი მიმაჩნია უკანონოდ, მაგრამ, ბოლო 6 თვე ჩვენ უბრალოდ გამოკეტილი ვყავდით ციხეში, ჯერ ლიბიის გენერალური პროკურორი არ აწერდა ხელს გათავისუფლების დოკუმენტს, შემდეგ სასჯელაღსრულების წარმომადგენელი. კვირას ველოდით გამოშვებას და მაშინ უკვე საემიგრაციო სამსახურმა დაგვბლოკა. აღარ მინდა ამ ქვეყანაზე საუბარი, აქ არ უნდა მოხვდე, არავის ვუსურვებ აქ მოხვედრას.
გათავისუფლება მოხდა ასე, ტაჯურას ციხესთან მოვიდა ჩვენი საპატიო კონსული, ლიბიელი ალი ეშეტვუ. მასაც დიდ მადლობას ვუხდი, ციხიდან გამოგვიშვეს და ალიმ მანქანით ტრიპოლში ჩამოგვიყვანა. ახლა სასტუმროში ვართ. ტაჯურასთან დაბობვის ხმა გვესმოდა, აქ ტრიპოლში სიმშვიდეა.
საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში გამოგვიგზავნა დროებითი პასპორტები, რადგან ჩვენი პასპორტები, მეზღვაურის სერთიფიკატები, პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული, რაც დაკავების დროს წაგვართვეს, აღარ დაუბრუნებიათ. ხელზე გვაქვს ავიაბილეთები და ხვალ ტრიპოლიდან სტამბოლში მივფრინავთ, შემდეგ საქართველოში. ახლაც არ მჯერა“ - გვითხრა რომა კაკალაძემ.
მცირე კომენტარით შემოიფარგლა კაპიტანი გენადი კომახიძე, რომელსაც ტაჯურას ციხეში ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა. „ბრალდება აბსურდული იყო, ამდენი ხანი ვიყავით ციხეში და მაინც მოგვისაჯეს 6 თვე და უაზრო ჯარიმა, მილიონ დოლარზე მეტი. თავადაც იცოდნენ, რომ ამის გადამხდელი არავინ არ იყო.უკანონოდ ვყავდით ციხეში, ტყვეობაში, ბოლოს დარწმუნდნენ რომ ფულს არავინ გადაიხდიდა და გამოგვიშვეს“ - გვითხრა ტელეფონით გენადი კომახიძემ.
ამდენი ხანი უკანონოდ ვყავდით ციხეში, ტყვეობაში, საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ ამხელა ფულს არავინ გადაიხდიდა და გამოგვიშვეს"გენადი კომახიძე, მცირე ტანკერ REX-ის კაპიტანი
ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი მცირე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი კომახიძე, მისი თანაშემწე კაკალაძე და ეკიპაჟის კიდევ რვა წევრი ლიბიის სანაპირო დაცვამ "დიზელის კონტრაბანდის" ბრალდებით, ნეიტრალურ წყლებში, 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავა. გემს ლიბიის აბუ კამაშის პორტიდან დიზელი კვიპროსის მიმართულებით მიჰქონდა.
2018 წლის მარტში, ტროპოლის სასამართლომ REX-ის რვა მეზღვაურს, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქე ნუკრი ხოხბას ბრალი მოუხსნა და გაათავისუფლა. 2019 წლის აპრილში კი კომახიძეს და კაკალაძეს 6 თვიანი პატიმრობა და ჯარიმის, სოლიდარულად 1 300 000 და 500 000 ლიბიური დინარის (ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა.
ქართველმა მეზღვაურებმა ტაჯურას ციხეში უმძიმესი 840 დღე გაატარეს, განსაკუთრებით კოშმარული პირველი წელი იყო, როცა ძირითადად მშივრები და სასმელი წყლის, ასევე სამედიცინო მომსახურების გარეშე იყვნენ.
ვინაიდან, საქართველოს ლიბიაში საელჩო არ აქვს, თბილისმა საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ჯერ ლიბიაში უნგრეთისა და თურქეთის საელჩოს დახმარებით დაიწყო. შემდეგ ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ ლიბიელი ადვოკატი აბუბაქრ ეშრიფი დაიქირავა. ბოლოს კი საქმეში საქართველოს ახალი საპატიო კონსული ლიბიაში ალი ეშეტვუც ჩაერთო.
ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა ორჯერ ინახულა მეზღვაურები ტაჯურას ციხეში, მათი გათავისუფლების თხოვნით კი საგარეო მინისტრი ზალკალიანი 2018-2019 წლებში, ნიუ-იორკსა და მიუნხენში, ლიბიელ კოლეგას მოჰამედ ტაჰა სიალას ორჯერ შეხვდა. 840 დღიანი ტყვეობა საბოლოოდ 16 დეკემბერს დასრულდა.
ქართველი მეზღვაურების ტყვეობის (დაკავების) ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული შემთხვევები
- სოსლან კაკაბაძე (ტანკერი Sovereign M, ლიბია) – 978 დღე, 24/08/2015 – 28/04/2018
- გენადი კომახიძე, რომა კაკალაძე (ტანკერი REX, ლიბია) – 840 დღე, 30/08/2017 – 16/12/2019
- სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14.12.2005
- მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ
- ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს
- არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს
-