150 დღე შესრულდა, რაც ლიბიის ქალაქ ტაჯურას ციხეში სამი ქართველი მეზღვაურია გამოკეტილი. რომან კაკალაძე, ნუკრი ხოხბა და გენადი კომახიძე ციხეში შიმშილითა და უწყლობით რომ არ დაიხოცონ, მათი ოჯახები საქართველოდან ლიბიაში ფულს რიცხავენ.
„საშინელი დღეები გამოვიარეთ, ვშიმშილობდით, თავის მოკვლაზეც კი ვფიქრობდით. ისევ ჩვენმა ოჯახებმა გადაგვარჩინეს. ციხეში დილით და საღამოს მხოლოდ ჰოთ დოგის 15 გრამიანი პური შემოაქვთ, მეტი არაფერი არ არის. ლიბიელ პატიმრებს საჭმელს სახლიდან უზიდავენ. ჩვენ კაი ხანი უპატრონოდ ვიყავით“ - გვიყვება რომან კაკალაძე, რომელსაც ტელეფონით ტაჯურას ციხეში დავუკავშირდით.
მეზღვაურების ოჯახები ბათუმიდან ფულს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აგზავნიან, საიდანაც თანხა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში მდებარე თურქეთის საკონსულოში ირიცხება. შემდეგ საკონსულოს წარმომადგენლები წყალს და პროდუქტებს ყიდულობენ და ციხეში შეაქვთ, როგორც თურქი, ისე ქართველი მეზღვაურებისთვის.
პირველი 40 დოლარის გადარიცხვის ორგანიზება მხოლოდ, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს მოხერხდა, თუმცა ახალ 2018 წელს, ქართველები მაინც მშივრები შეხვდნენ. მეორე - 120 დოლარი ბათუმიდან 5 იანვარს გადაირიცხა, საჭმელი ციხეში კი მხოლოდ 23 იანვარს მიიღეს.
რომან კაკალაძე ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ ფულის გადარიცხვის ორგანიზებაშიც ვერ დაეხმარა, სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ლიბიელმა ადვოკატმა კი ფული მოპარა:
„საქართველოს ხელისუფლებას ვეხვეწეთ, რომ რაიმე გზა გამოენახათ და ოჯახებს ჩვენთვის ფულის გამოგზავნაში დახმარებოდნენ. მათ ხომ არ ვთხოვდით ფულის გადმორიცხვას?! ჩვენი საკუთარი ფულის გადმორიცხვაში დახმარებას ვითხოვდით საჭმელი რომ გვეყიდა, ესეც ვერ გააკეთეს, ციხიდან ყველაფერი ჩვენ გავარკვიეთ. ორი დღის წინ, როგორც იქნა საჭმელი მოგვიტანეს, ასე 20 დღე უნდა გავიჭირვოთ და ვიმყოფინოთ.
ჩვენს საქმეს კურირებს საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს. აქედან ასე ჩანს, რომ საელჩოს არ აქვს კვალიფიკაცია ზუსტად განსაზღვროს აქ რა ხდება. არ ვიცი საელჩოს დაქირავებული ადოკატი მათ რას ეუბნება, მაგრამ ჩვენთან ორ თვეზე მეტია არ გამოჩენილა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენებები საერთოდ წაკითხული არ აქვს, ერთხელ მოვიდა აქ და გვეუბნებოდა, თქვით, რომ თითქოს ლიბიაში გემით საერთოდ არ შემოსულხართო.
ჩვენს გასათავისუფლებლად ლიბიელი ადვოკატი 24 000 დოლარს ითხოვს, რა უნდა ვთქვა მასზე, ფული გამომიგზავნეს სახლიდან, მის სახელზე დაირიცხა და მომპარა, არ მომიტანა, იმის მერე ტელეფონი შეცვალა“რომან კაკალაძე, ლიბიაში დაპატიმრებული მეზღვაური
ჩვენს გასათავისუფლებლად ლიბიელი ადვოკატი 24 000 დოლარს ითხოვს, 10 000-ს კაპიტანში და 7000-7000 ჩემსა და ნუკრიში. რა უნდა ვთქვა მასზე, ფული გამომიგზავნეს სახლიდან, მის სახელზე დაირიცხა და მომპარა, არ მომიტანა, იმის მერე ტელეფონი შეცვალა.“
806 ტონა დიზელით დატვირთული, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული კომპანიის კუთვნილი მცირე სანავთობო ტანკერი REX-ი, რომლის ეკიპაჟში საქართველოს - სამი, თურქეთის - ხუთი და ინდოეთის - ორი მოქალაქე შედიან, ლიბიის სანაპირო დაცვამ 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავა.
ტანკერს ქართველი კაპიტანი, 55 წლის გენადი კომახიძე მართავდა. მისი ინფორმაციით, ზუვარას პორტში დიზელით დატვირთვის შემდეგ, მან საზღვაო წესის მიხედვით, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ Master Receipt და Manifest მოითხოვა, თუმცა ტვირთის გამგზავნმა ამ დოკუმენტაციის გაცემაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, კაპიტანი ბერძნულ კომპანიას დაუკავშირდა, რომელსაც დიზელის საფასური, წინასწარ ბანკის მეშვეობით უკვე გადახდილი ჰქონდა.
ბერძენმა გემთმფლობელმა ქართველ კაპიტანს უბრძანა, რომ ზუვარას პორტი დაეტოვებინა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დარჩენილიყო და ტვირთის დოკუმენტებს უმოკლეს დროში ელექტრონული ფოსტით მიიღებდა.
როგორც კი ტანკერი REX-ი ღია ზღვაში გავიდა, გემი კონტრაბანდის ბრალდებით დააპატიმრეს, ეკიპაჟის წევრებს სცემეს და ტრიპოლის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟი 20 დღის მანძილზე გემზე ჰყავდათ, შემდეგ კი ტაჯურას ციხეში უკრეს თავი.
რომან კაკალაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ბრალდება სრულიად უკანონოა, ზუვარაში საერთაშორისო ნაოსნობა აკრძალული არ იყო, პორტის დატოვების ბრძანება კაპიტანმა გემთმფლობელისგან მიიღო. გემის ნავსადგურიდან გასვლას არც ზუვარას სანაპირო დაცვა შეწინააღდეგებია, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ მეზღვაურები ვერ გრძნობენ ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერას, ლიბიელი ადვოკატი უფრო ლიბიის პროკურატურის ინტერესებს იცავს, არის საფრთხე რომ გამოძიება უსაშველოდ (მინიმუმ კიდევ 9 თვე) გაიწელოს და უსამართლო სასჯელი დადგეს:
ჩვენ უფრო იმის შიში გვაქვს, რომ სასამართლოზე დაცვის საშუალებას არ მოგცემენ, მიკერძოებულად არ ჩატარდეს და არაკვალიფიციური ხალხი არ დაესწროს"
„ჩვენ უფრო იმის შიში გვაქვს, რომ სასამართლოზე დაცვის საშუალებას არ მოგვცემენ, პროცესები მიკერძოებულად არ ჩატარდეს და არაკვალიფიციური ხალხი არ დაესწროს. ასეთ ადვოკატს ახლა რომ გვყავს, გვირჩევნია საერთოდ ადვოკატი არ გვყავდეს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა კარგი თარჯიმანი გვყოლოდა, პროკურორი დაკითხვების შემდეგ იქ არაბულად წერს რაღაცეებს, ვუთხარი კიდეც, რომ წამიკითხავ სასამართლოზე, არასწორი რომ იყოს, ყველაფერს ვუარყოფ მეთქი და იცინის ამაზე პროკურორი, იცინის და რა ვქნა?“
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლში წერია, რომ „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“. უკვე 887 დღეა ლიბიის ციხეში კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური 56 წლის სოსლან კაკაბაძე იტანჯება.
ტვირთის გარეშე მოძრავი მალტური ტანკერი Sovereign M-ი, რომელზეც საქართველოს მოქალაქე მზარეულად (კოკად) მუშაობდა, ლიბიის საბრათას პორტთან ახლოს, 2015 წლის 12 აგვისტოს, „კონტრაბანდის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს.
ორი წლისა და ხუთი თვის მანძილზე, კაკაბაძემ სისასტიკით განთქმული რამდენიმე ლიბიური ციხე გამოიცვალა, მათ შორის, ელ-ზავიას, ელ-აჯაილათის და სურმანის ციხეები. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქე ტაჯურას ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს (აქ ქართველები არ არიან). მისი საქმე ლიბიის პროკურატურამ ცალკე გამოყო და სასამართლო სხდომა თებერვალში უნდა გაიმართოს.
სოსლან კაკაბაძის მეუღლე დონარი გოგიტიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ რამდენიმე თვეა მეუღლის ხმა საერთოდ არ გაუგია, მასთან ტელეფონით დაკავშირებაც ვეღარ ხერხდება:
აუცილებელი იყო მეტი აქტიურობა, გაეროს და სხვა საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების საელჩოების ჩართვა. ამას ჰქვია რომ საქართველო თავის მოქალაქეს მფარველობს?დონარი გოგიტიძე, ლიბიაში დაპატიმრებული სოსლან კაკაბაძის მეუღლე
„მხოლოდ ღმერთის იმედზე ვართ, ჩვენი მთავრობის იმედი აღარ მაქვს. თავიდანვე ვამბობდი, რომ აუცილებელი იყო მეტი აქტიურობა, გაეროს და სხვა საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო ორგანიზაციების, პარტნიორი ქვეყნების საელჩოების ჩართვა. ამას ჰქვია რომ საქართველო თავის მოქალაქეს მფარველობს? ორ წელზე მეტია სრულიად უდანაშაულო ადამიანი აფრიკის ციხეშია, 12 დღე იყო მხოლოდ იმ გემზე, თან არის კოკი და კიდე არ ვიცით როდის გაათავისუფლებენ.“
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართველი მეზღვაურების ლიბიის ციხეებიდან დახსნის საკითხებზე ეგვიპტეში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაშია ლიბიაში უნგრეთისა და თურქეთის საელჩოებთან და ურთულესი ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.