ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

784 დღე ლიბიის ციხეში: მეზღვაურ კაკაბაძის აფრიკული დრამა


მალტური ტანკერის Sovereign M-ის კოკი სოსლან კაკაბაძე ორ წელზე მეტია ლიბიაშია დაკავებული
მალტური ტანკერის Sovereign M-ის კოკი სოსლან კაკაბაძე ორ წელზე მეტია ლიბიაშია დაკავებული

უკვე 784 დღეა ლიბიის ციხიდან ბათუმის მკვიდრის, 55 წლის სოსლან კაკაბაძის დახსნა ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქე, არადამიანულ პირობებში, ორი წელი და ორი თვეა სასამართლოს მოლოდინშია.

სოსლან კაკაბაძე მეზღვაურია. ბათუმში არსებული საკრუინგო კომპანია GeoBridge KA-ს მეშვეობით, 2015 წლის აგვისტოში, ის კოკის (მზარეულის) პოზიციაზე, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ, მალტის მცირე ზომის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე დასაქმდა.

მალტურ ტანკერს ეგვიპტელი კაპიტანი მართავდა, ეკიპაჟი კი თითო ხორვატი, მალტელი და ეგვიპტელი მეზღვაურისგან შედგებოდა. ქართველი კაკაბაძე მათ 2015 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა. 24 აგვისტოს კი ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ახლოს, ცარიელი ტანკერი ადგილობრივმა დაჯგუფებამ დააკავა.

სოსლან კაკაბაძე მეუღლესთან ერთად
სოსლან კაკაბაძე მეუღლესთან ერთად

ლიბიური მხარის მტკიცებით, Sovereign M კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას დედაქალაქ ტრიპოლიში გეგმავდა. დაკავების დროს მესაზღვრეებმა ტანკერის ეკიპაჟის წევრები სასტიკად სცემეს, ხუთ დღეში კი ელ-ზავიას ციხეში გადაიყვანეს, რომელიც სისასტიკით, ჯერ კიდევ ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მმართველობის დროიდან არის ცნობილი.

კაკაბაძე თავიდან, 60 პატიმართან ერთად ღია ცის ქვეშ, რკინის გალიაში, გაუსაძლის და აუტანელ პირობებში იყო გამოკეტილი. საქართველოს მოქალაქეს დღემდე აქვს საკვების, სამედიცინო დახმარებისა და თბილი ტანსაცმლის პრობლემა. ციხეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად შეირყა, რასაც გაურკვევლობით და უიმედობით გამოწვეული უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესიც ერთვის.

ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ კაკაბაძეს ადვოკატი დაუქირავა, მაგრამ ლიბიაში სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა და იურისტიც უძლურია კლიენტის უდანაშაულობა დაამტკიცოს. დონარი გოგიტიძე, დაკავებულის მეუღლე ამბობს:

სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო.“
დონარი გოგიტიძე, სოსლან კაკაბაძის მეუღლე

„სოსლანის დაკავებიდან მესამე წელი დაიწყო, დრო გადის და შედეგი არანაირი, ვერ ვეხმარებით. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, იქ საელჩო არ გვაქვს და მეტით ვერაფრით დაგეხმარებითო.“

ტანკერ Sovereign M-ის საქმე, ლიბიის კანონმდებლობის მიხედვით, დედაქალაქ ტრიპოლის უმაღლესმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაგრამ უსასტიკესი სამოქალაქო ომის გამო, ჩრდილო აფრიკის ამ სახელმწიფოში ცენტრალური ხელისუფლება იმდენად მოშლილია, პატიმრების უსაფრთხოდ გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს.

ოქტომბრის დასაწყისში, კაკაბაძესთან ერთად, ლიბიაში დატყვევებული ხორვატიის მოქალაქე - ივან ფურჩიჩის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს. ისინი ჯერ ელ აჯაილათის, შემდეგ კი სურმანის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც ელ-ზავიასა და საბრათას შორის მდებარეობს.

ხორვატი მეზღვაური ივან ფურჩიჩი, ელ-ზავიას ციხეში, 2017 წლის ფოტო
ხორვატი მეზღვაური ივან ფურჩიჩი, ელ-ზავიას ციხეში, 2017 წლის ფოტო

მანამდე, ხორვატიის მუსლიმი სასულიერო პირების თხოვნით, მათმა ნდობით აღჭურვილ პირმა, 44 წლის მეზღვაური ფურჩიჩი ელ-ზავიას ციხეში მოინახულა და მას წყალი და საჭმელი გადასცა. „იგი საოცრად შეცვლილია, დაპატიმრებამდე 90 კილოს იწონიდა, ახლა კი გამხდარ მოხუცს ჰგავს. ვიცი, რომ ციხეში ხშირად სცემენ“ - ამბობს მისი ძმა ტომისლავ ფურჩიჩი.

რაც დრო გადის სიტუაცია სულ უფრო კრიტიკული ხდება. მოლაპარაკებებს დიდი ხანია გამოეთიშა მალტელი გემთმფლობელების: ჯოზეფ, სილვიო და მაიკლ მიცების ოჯახი. სოსლან კაკაბაძის ძმა, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამირან კაკაბაძე კიდევ ერთხელ შველას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს:

ორი კვირის წინ ვიღაც ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, გვინდოდა მისი ხმა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!“
ამირან კაკაბაძე, ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ძმა

„ორი კვირის წინ ვიღაც ვიღაცეებს ვთხოვეთ, ციხიდან ტელეფონით დაარეკინეს, მისი ხმა გვინდოდა გაგვეგო და დავრწმუნებულიყავით რომ ცოცხალია. უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს მთავრობას მხარში ამოგვიდგეს და დაგვეხმაროს!“

სოსლან კაკაბაძის გარდა, ლიბიაში სასამართლოს კიდევ სამი ქართველი მეზღვაური ელის. 48-ე დღეა ტრიპოლთან ახლოს მდებარე ციხეში ზიან ბერძნული სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 55 წლის გენადი კომახიძე, მეზღვაურები რომან კაკალაძე და ნუკრი ხოხბა. ბრალდება აქაც იდენტურია ლიბიიდან დიზელის კონტრაბანდა. სასამართლო სხდომა 17 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ლიბიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ანგარიშის მიხედვით, 2012-2017 წლებში მათ, ნავთობის კონტრაბანდის ბრალდებით, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში, 80-ზე მეტი უცხოური გემი და 800-ზე მეტი მეზღვაური დააკავეს. დაპატიმრებულთა ნაწილი სასამართლო სხდომებს, ლიბიის სხვადასხვა ქალაქების ციხეებში გამოკეტილი დღემდე ელის.

სურმანის ციხე, იქ სადაც ქართველი მეზღვაური გადაიყვანეს
სურმანის ციხე, იქ სადაც ქართველი მეზღვაური გადაიყვანეს

ქართველი მეზღვაურების ტყვეობის (დაკავების) ყველაზე ხანგრძლივი და გახმაურებული შემთხვევები

  • სოსლან კაკაბაძე (ტანკერი Sovereign M, ლიბია) – 784 დღე, 24/08/2015 - დღემდე
  • სულხან ჯორბენაძე (ტანკერი African Pride, ნიგერია) – 767 დღე, 08/10/2003 – 14.12.2005
  • მემედ ზაქარაძე, შალვა ვერძაძე, თემურ ბედინაძე, თემურ მახარაძე, ანზორ ფართენაძე, დავით დევაძე, ზურაბ შერვაშიძე, გიორგი სირაძე, ჯაბა ქარჩავა, ნუკრი ჯიჯავაძე, ირაკლი ჯიქიძე, თემურ ვარშანიძე, ასლან დემურაძე, ჯიმშერ ასანიძე, გენადი ტიმოფეევი (ტანკერი OLIB G, სომალი) – 489 დღე, 08/09/2010 – 09/01/2012, მეკობრეებმა გაანთავისუფლეს გამოსასყიდის 3 000 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ
  • ტანკერ OLIB G-ის ქართული ეკიპაჟი 489 დღიანი ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ, 12.01.2012
    ტანკერ OLIB G-ის ქართული ეკიპაჟი 489 დღიანი ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ, 12.01.2012
  • ივერი ყურაშვილი, გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია, ირაკლი დანელია (ტვირთმზიდი Vasilios N, ლიბია) – 324 დღე, 21/04/2010 – 10/03/2011, დაკავებულებმა გაქცევა მოახერხეს
  • არტურ არუთუნიანი, ზურაბ გიორგაძე, ნიკოლოზ პიჟოვი, ალექსანდრე ჩიჩაძე, ანატოლი არხანგოროდსკი, გულადი რუხაძე (ტანკერი Jenlil, სომალი) – 225 დღე, 30/07/2002 – 07/02/2003, მეკობრეების ტყვეობას თავი უპრეცედენტო გაქცევით დააღწიეს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG