ამერიკაში მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალურ ქსელ "ტვიტერის" უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კითხვებს კი პლატფორმაზე, რამდენიმე ცნობილი ფიგურის ანგარიშზე განხორციელებული მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა აჩენს.
ჰაკერებმა თავდასხმა განახორციელეს ცნობილ მომხმარებლებზე, რომლებსაც "ტვიტერზე" განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიმდევრები ჰყავთ. სოციალური ქსელის განცხადებით, ოთხშაბათს, ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს ჯო ბაიდენის, ბარაკ ობამას, ილონ მასკისა და კიმ კარდაშიანის ანგარიშებზე.
კომპანიის განცხადებით, თავდასხმა თავად "ტვიტერის" თანამშრომელთა მონაცემების მოპოვების შემდეგ, შიდა სისტემებსა და ინსტრუმენტებზე წვდომით განხორციელდა.
ასევე ნახეთ: „ამერიკის სულის გადასარჩენად“ - ჯო ბაიდენი პროფილშიტექნოლოგიური პოლიტიკის მკვლევარი ადამ კონერი ამბობს - „ეს თავდასხმა ცუდია 15 ივლისს, მაგრამ გაცილებით უარესი შეიძლება იყოს 3 ნოემბერს“. 3 ნოემბერს, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია, სპეციალისტებს კი "ტვიტერის" უსაფრთხოება აღელვებთ, რამდენადაც პლატფორმას საჯარო ოფიციალური პირებისთვის, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, კომუნიკაციებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
ჰაკერებმა ცნობილი ადამიანების ანგარიშები, „ბიტკოინის“ მისაღებად გამოიყენეს. ისინი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდებზე წერდნენ განცხადებებს, რომ მაგალითად, "ტესლას" დამფუძნებელი ილონ მასკი, მათ ვინც ბიტკოინს მის ანგარიშზე ჩარიცხავდა, უკან ორმაგ რაოდენობას დაუბრუნებდა. შედეგად, 400-ზე მეტი გადარიცხვა განხორციელდა, ჯამში 120 000 ამერიკული დოლარის ღირებულების.