რუსეთმა ამერიკის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას ირანელი გენერლის მკვლელობა დაგმო და მას "წინდაუხედავი ნაბიჯი" უწოდა. მოსკოვის მტკიცებით, ეს ნაბიჯი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს გენერალი ყასემ სოლეიმანი - ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, "ყუდსის ძალების" ლიდერი მოკლეს. სოლეიმანი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. პენტაგონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იერიშის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა რეგიონში ამერიკულ ძალებზე მოსალოდნელი თავდასხმების პრევენციის მიზნით მიიღო.
ირანის ხელისუფლება სამხედრო პასუხის გაცემას გეგმავს, რუსეთი კი აცხადებს, რომ თეთრ სახლს შესაძლოა არ ესმის რამდენად ძალადობრივი ქმედებების დაწყებას შეუწყო ამით ხელი.
"ამგვარი ქმედებები არ ქმნის, არ ეძებს გამოსავალს კომპლექსური პრობლემებიდან ახლო აღმოსავლეთში. პირიქით, ეს რეგიონში ესკალაციისა და დაძაბულობის ახალი რაუნდის დასაწყისი იქნება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.